ირაკლი კობახიძემ აზერბაიჯანის პრეზიდენტთან გამართულ შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. ირაკლი კობახიძისა და ილჰამ ალიევის ბრიფინგზე საუბარი შეეხო როგორც სავაჭრო ურთიერთობებს, ისე ინვესტიციების მიმართულებით თანამშრომლობის გაფართოების პერსპექტივებს.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, მხარეები შეთანხმდნენ, რომ მაღალი დონის დიალოგი გაგრძელდება და პარტნიორობა სხვადასხვა სფეროში კიდევ უფრო გაძლიერდება.
„მოხარული ვართ, რომ აზერბაიჯანი საქართველოს ერთ-ერთ უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორად რჩება. გვაქვს მოლოდინი, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება, მათ შორის, გაღრმავდება თანამშრომლობა ინვესტიციების ზრდის მიმართულებით.
ჩვენ გამოვხატეთ მზაობა, მაღალი დონის დიალოგის გაგრძელებისა და სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავებისთვის.
დარწმუნებული ვარ, მომავალში ჩვენი თანამშრომლობა კიდევ უფრო მეტად განვითარდება ჩვენი ხალხების, ჩვენი ქვეყნების საკეთილდღეოდ და ამ ყველაფერში პრეზიდენტ ალიევის ვიზიტი განსაკუთრებულ როლს შეასრულებს.
დასასრულს, ბატონო პრეზიდენტო, კიდევ ერთხელ მინდა მადლობას გადაგიხადოთ საქართველოში ჩამობრძანებისთვის და ასევე განსაკუთრებული მადლობა იმ წვლილისთვის, რომელიც პირადად თქვენ შეგაქვთ ჩვენს ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებასა და განვითარებაში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

