იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ყოფილი თანაგუნდელის, ირაკლი ალასანიას მიერ „კვირის პალიტრისთვის“ მიცემული ინტერვიუს იმ ფრაგმენტს გამოეხმაურა, რომელიც მას ეხება. წულუკიანის თქმით, ძალიან ბევრს ანერვიულებს ის ფაქტი, რომ საქართველოს 6 წლით არჩეული, პარლამენტის მიერ ნდობაგამოცხადებული მთავარი პროკურორი ჰყავს.
“რაც შეეხება ირაკლი ალასანიას განცხადებას, ძალიან ვწუხვარ, რომ მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ მე მას, როგორც პარტიის წევრი სისულელეში გვერდით არ დავუდექი, მან მიმაკუთვნა ქართველების იმ ჯგუფს, რომლებსაც უხარისხო ქართველებს ეძახის. – უთხრა ჟურალისტებს იუსტიციის მინისტრმა – თუ კარგად დაფიქრდება, ეს ალბათ მისთვისაც სამწუხარო უნდა იყოს. ჩვენ კი, ქართული საზოგადოება, ხარისხიანებად და უხარისხოებად არ ვიყოფით. ჩვენ ვმუშაობთ ქვეყნის პროგრესისთვის, ვატარებთ ძალიან რთულ და მტკივნეულ რეფორმებს საზოგადოებასთან ერთად. ვისურვებდი, რომ ირაკლი ალასანიამ თავისი პარტია “რეალ ტვ”-ს არ დაამსგავსოს, გააძლიეროს და ღირებულებებზე ესაუბროს საზოგადოებას, ამომრჩეველს და არა რომელიმე ერთ მინისტრს, რადგან პარტიის რეიტინგი არჩევნების დღეს დამტკიცდება”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
შეგახსენებთ, “თავისუფალი დემოკრატების” ლიდერმა ირაკლი ალასანიამ გაზეთ “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში განაცხადა, რომ თეა წულუკიანი სიყალბისა და ფარსის ნაწილი გახდა. ალასანიამ მთავარ პროკურორად ირაკლი შოთაძის დამტკიცების საკითხზეც ისაუბრა; მისი აზრით, შოთაძე პოლიტიკური დაკვეთის შესრულების სანაცვლოდ დააწინაურეს.