ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ოცნებას უერთდება 4 დამატებითი ბიზნესმენი, რომლებმაც პოლიტიკაში გააკეთეს ინვესტიცია”- გია ხუხაშვილი

ანალიტიკოსის გია ხუხაშვილის განცხადებით, პარლამენტში “პატრიოტთა ალიანსის” რამდენიმე წევრის წესვლა რეალურ სურათს არ ცვლის, მაგრამ კიდევ ერთხელ გამოჩნდა ის მანკიერება, რასაც ჰქვია ბიზნესის ინტეგრაცია პოლიტიკაში. აღნიშნულით ხუხაშვილი “პატრიოტთა ალიანსის” სამი წევრის – დავით ზილფიმიანის, ფრიდონ ინჯიასა და გელა მიქაძის მიერ ცენტრალურ საარჩევნო კომისიისთვის დეპუტატის ადგილმონაცვლეობაზე თანხმობის შესახებ მიმართვას გამოეხმაურა.

როგორც ხუხაშვილი აღნიშნავს, აღნიშნული პირები არიან არაპარტიული სიის წევრები, რომლებმაც  პარლამენტის სავარძელი იყიდეს.

„სხვა ახსნა გარდა იმისა, რომ ეს წინასწარ იყო დაგეგმილი, არადამაჯერებელი იქნება. ერთის მხრივ პარტია ინარჩუნებს სახეს და არ აღიარებს არჩევნების შედეგებს, მაგრამ არაპარტიული სიის წევრები შედიან პარლამენტში. ანუ, ორივე ამოცანა შესრულებული აქვთ. კიდევ ერთხელ გამოჩნდა ის მანკიერება, რასაც ჰქვია ბიზნესის ინტეგრაცია პოლიტიკაში – როდესაც ბიზნესი კეთდება პოლიტიკიდან და პოლიტიკა კეთდება ბიზნესიდან. ესენი არიან უბრალო ბიზნესმენები, რომლებმაც გააკეთეს პოლიტიკაში ინვესტიცია და თვლიან, რომ იყიდეს საპარლამენტო სავარძელი. ეს ოთხივე ადამიანი არიან ბიზნესმენები, ისინი არ არიან პარტიული ფასეულობის მატარებლები, ინვესტიციას აკეთებენ მოგების მიზნით, პოლიტიკაში გააკეთეს ინვესტიცია და მათი მონაგარი არის საპარლამენტო სავარძელი, რომელიც ისევ თავის კეთილდღეობას უნდა მოახმარონ. ეს არის ქართული პოლიტიკის ერთ-ერთი სისტემური მანკიერება, რომელიც ახლა გამოვლინდა ,,პატრიოტთა ალიანსში”. ჩვენ ამას ვერ დავარქმევთ „პატრიოთა ალიანსის” შესვლას, ეს არიან უპარტიო ბიზნესმენები, შესაბამისად ისინი ვერ გახდებიან „პატრიოტთა ალიანსის” წარმომადგენლები. ,,ქართულ ოცნებას” ფაქტობრივად უერთდება 4 დამატებითი ბიზნესმენი. ამით ვერ სრულდება ის ამოცანა, რომელსაც ჰქვია კვალიფიციური უმრავლესობის მოპოვება,”- აცხადებს გია ხუხაშვილი.

ცნობისთვის, “პატრიოტთა ალიანსის” სამ დეპუტატს ირმა ინაშვილს, გიორგი ლომიასა და გოჩა თევდორაძეს პარლამენტის სადეპუტატო უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდათ.

ამასთან, ცესკო-ს ვებგვერდზე 31 დეკემბერს გამოქვეყნებული განკარგულებით ირკვევა, რომ „პატრიოტთა ალიანსს“ სიის ჩახსნის მოთხოვნით არ მიუმართავს. „პატრიოტთა ალიანსის“ საარჩევნო სიაში ირმა ინაშვილის, გიორგი ლომიასა და გოჩა თევდორაძის ადგილმონაცვლეები არიან – გელა მიქაძე, დავით ზილფიმიანი და ფრიდონ ინჯია. მათ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას დეპუტატის ადგილმონაცვლეობაზე თანხმობის შესახებ უკვე მიმართეს. “პატრიოტთა ალიანსის“ სიით პარლამენტში შედის ასევე ავთანდილ ენუქიძე.

იტვირთბა....