პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი დღევანდელ სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, “პატრიოტთა ალიანსის” სამ დეპუტატს ირმა ინაშვილს, გიორგი ლომიასა და გოჩა თევდორაძეს პარლამენტის სადეპუტატო უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდათ.
პარტიის წევრებისთვის უფლებამოსილების შეჩერებას უმრავლესობის დეპუტატებმა კენჭი რიგგარეშე სესიაზე უყარეს..
ირმა ინაშვილისთვის სადებუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას მხარი 80-მა დეპუტატმა დაუჭირა, გიორგი ლომიასთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტას 79 პარლამენტარი დაეთანხმა, ხოლო გოჩა თევდორაძისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას მხარი 78-მა დეპუტატმა დაუჭირა.
ეგახსენებთ, ცესკო-ს ვებგვერდზე 31 დეკემბერს გამოქვეყნებული განკარგულებით ირკვევა, რომ „პატრიოტთა ალიანსს“ სიის ჩახსნის მოთხოვნით არ მიუმართავს. შესაბამისად, არ არის გამორიცხული, რომ ირმა ინაშვილის, გიორგი ლომიასა და გოჩა თევდორაძის ადგილმონაცვლეები პარლამენტში შევიდნენ.
რაც შეეხება პარტიის მიერ მოპოვებულ მეოთხე მანდატს, „პატრიოტთა ალიანსის“ საპარლამენტო სიის მეოთხე ნომერმა, ავთანდილ ენუქიძემ განაცხადა, რომ არ აპირებს სადეპუტატო უფლებოსილებაზე უარის თქმას და პარლამენტში შესვლას გეგმავს. ამასთან, „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენელმა დავით ზილფიმიანმა პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება მიიღო.