ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ Twitter-ზე საქართველოში სტუმრობა გაიხსენა. პომპეომ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან და პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა, წარწერით:
“საქართველოში ჩავფრინდი, რათა ჩვენს თავისუფლების მოყვარულ მეგობრებს დავუჭირო მხარი. მადლობა გიორგი გახარიას თბილი დახვედრისთვის”, — წერს პომპეო.
ცნობისათვის, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო საქართველოს 7 ქვეყანაში დაგეგმილი 10-დღიანი ტურნეს ფარგლებში ესტუმრა. სახელმწიფო მდივანმა ოფიციალური შეხვედრები სალომე ზურაბიშვილთან, გიორგი გახარიასა და პატრიარქ ილია მეორესთან გამართა. ასევე, პომპეო შეხვდა არასამთავრობო ორგანიზაციებს. მაღალი რანგის სტუმარი ოპოზიციას არ შეხვედრია. რამდენიმე პარტიის წარმომადგენლები სახელმწიფო მდივანს მდუმარე აქციით დახვდნენ. პომპეოს ვიზიტი მთავარი სტრატეგიული პარტნიორის ურყევ მხარდაჭერად შეფასდა.