ჩვენ ვადამდელი არჩევნების წინააღმდეგები არ ვართ, ჩვენ წინააღმდეგები ვართ, რომ ვადამდელი არჩევნების გამო, სხვა ყველაფერზე ვთქვათ უარი – ამის შესახებ პარტია “მოქალაქეების” გენერალურმა მდივანმა ლევან იოსელიანმა “დღის კურიერის” ეთერში განაცხადა.
როგორც იოსელიანმა აღნიშნა, პოლიტპატიმრების საკითხი, საარჩევნო ადმინისტრაცია, საარჩევნო სისტემა, ამის გარეშე ვადამდელ არჩევნებს აზრი არ აქვს.
“ვფიქრობ, რომ ამ კრიზისისთვის რაც დღეს საქართველოში მიმდინარეობს და რაც უნდა დასრულდეს მოლაპარაკების გზით, ამისთვის “ლელომ” ძალიან დიდი ნაბიჯი გადადგა, ამიტომ ეს მათი პოზიცია ჩემი აზრით შექებას იმსახურებს.
ჩვენ არავისთან კონსულტაცია არ გვქონია, ჩვენ ვუსმენთ ჩვენი მეგობარი ქვეყნების ელჩებს და ვისმენთ, როგორ უყურებენ პოლიტიკური კრიზისის განმხუტვის გზას.
საქართველო დგას გამოწვევის წინაშე, რომ 30 წლის შემდეგ მივიღოთ ისეთი საარჩევნო სისტემა, რომელიც ამ 30 წლიანი წრეზე სიარულისგან თავს დაგვაღწევინებს.
ჩვენ ვადამდელი არჩევნების წინააღმდეგები არ ვართ, ჩვენ წინააღმდეგები ვართ, რომ ვადამდელი არჩევნების გამო, სხვა ყველაფერზე ვთქვათ უარი. სხვა ყველაფერია: პოლიტპატიმრების საკითხი, საარჩევნო ადმინისტრაცია, საარჩევნო სისტემა, ამის გარეშე ვადამდელ არჩევნებს აზრი არ აქვს.
2022-ში იქნება, თუ მერე იქნება, ჩვენ ამის წინააღმდეგები არ ვართ. რაც შეეხება თვითმმართველობის არჩევნებს, ოპოზიცია ამისთვის სერიოზულად უნდა მოემზადოს, ოღონდ, ეს მომზადება შეუძლებელი იქნება შეთანხმების გარეშე.
ჩვენ თუ არ შევცვალეთ საარჩევნო ადმინისტრაცია, ჩვენ თუ რეფორმა არ გავატარეთ საარჩევნო მიმართულებით იქ წარმატების მიღწევა შეუძლებელი იქნება. დღევანდელი მოცემულობით, მხოლოდ ორ პარტიას აქვს შანსი, რომ ბარიერი გადალახოს ეს არის “ქართული ოცნება” და “ნაციონალური მოძრაობა”. შეიძლება ამ ორ პარტიას აწყობდეს სპარინგის გაგრძელება, მაგრამ ქვეყნისთვის ეს იქნება დამღუპველი,”-აღნიშნა ლევან იოსელიანმა.