უკრაინულ „ვიკილიქს ცენტრზე“ სააკაშვილისა და ადეიშვილის ახალი სტენოგრაფიული ჩანაწერი დაიდო
უკრაინული ვებგვერდმა ახალი მასალა გამოქვეყნა, რომელიც მათივე მტკიცებით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისა და ყოფილი იუსტიციის მინისტრის, ზურაბ ადეიშვილის საუბრის სტენოგრაფიული ჩანაწერია.
დასაწყისში საუბარი თურქეთში ჩამოგდებული თვითმფრინავს და ამ ავიაკატასტროფის მიზეზებს ეხება:
„ცენტრალური დაზვერვის სააგენტოს (CIA) გენერალმა მითხრა, რომ თურქები რუსებს შეაჯახეს, თურქებს თავისი მიზეზებიც ჰქონდათ. პუტინი ISIS-ის ნავთობის ბაზებს ბომბავდა და თურქებს არალეგალური ნავთობის ნაკადები გადაუკეტეს. ამერიკელებმა ქურთები შეაიარაღეს, მაგრამ რუსეთიც ეხმარება ქურთისტანის შექმნაში, ირანიდან კი ახლა იღებენ შეიარაღებას – თურქები, ფაქტიურად, ალყაში იყვნენ“ – ამბობს სტენოგრამაში სავარაუდოდ სააკაშვილი.
გამოქვეყნებულ ტექსტში მიხეილ სააკაშვილი და ზურაბ ადეიშვილი რამდენიმე თემაზე საუბრობენ, მათ შორის რუსეთ-თურქეთს შორის ბოლო დღეების მოვლენების გამო გამწვავებულ ურთიერთობებზე, ქართველი სამართალდამცველების მიერ ტერორისტულ ორგანიზაციასთან კავშირის ბრალდებით დაკავებულ დავით ბორჩაშვილზე, სირიაში გადასულ აჭარელ მუსლიმებზე, რომლებმაც მუქარის შემცველი ვიდეომასალები გაავრცელეს. გარდა ამისა, სტენოგრამაში საუბარია პაატა ბურჭულაძის მიერ დაარსებულ “საქართველოს განვითარების ფონდზე”.
სააკაშვილი აღნიშნავს, რომ მას თავისიანები “მიაბა” და “მესამე ძალად უნდა ააგორონ”, რასაც პროპაგანდას “რუსთავი 2” გაუწევს და უშუალოდ “გვარამია და თარგამაძე გააკეთებენ პიარ-პროგრამას”.
გამოქვეყნებული მასალის მიხედვით, სააკაშვილი და ადეიშვილი საქართველოს პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილსაც ახსენებენ. კერძოდ, საუბრის თემა გიგი უგულავას და “ნაციონალური მოძრაობის” სხვა დაკავებული წევრების შეწყალებაა, აღნიშნულია, რომ მარგველაშვილი “ვანოს და სხვების” შეწყალებისთვის მზად არის, თუმცა სათანადო პოლიტიკური გარემოს შექმნას ელოდება.
უკრაინული “ვიკილიქს ცენტრის” მიერ გავრცელებულ სტენოგრამას აუდიოჩანაწერი არ ახლავს.