ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“აი, ესაა 21-ე საუკუნის კერპთაყვანისმცემლობა, დღევანდელი საქართველო ჯერ არ გაქრისტიანებულა”- დეკანოზი მოსალოდნელ “ასტროლოგიურ ცვლილებებზე“

მიუნხენის წმინდა ვახტანგ გორგასლის სახელობის ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარი დეკანოზი თამაზ ლომიძე სოციალურ ქსელში  „21 დეკემბრის დაანონსებულ ასტროლოგიურ ცვლილებებზე“ საზოგადოებაში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება.

როგორც დეკანოზი წერს, მოქალაქეები, რომლებიც ამდაგვარ სისულელებს აზიარებენ, შემდეგ ხატებს პოსტავენ და ღმერთისგან წყალობას ელიან.

დეკანოზი მსგავსი ინფორმაციების გავრცელებას 21-ე საუკუნის კერპთაყვანისმცემლობას უწოდებს.

„ამ დღეებში 5 000 ადამიანზე მეტი აზიარებს და ავრცელებს ამ სისულელეს. და შემდეგ ეს ხალხი ხატების ფოტოებს პოსტავს და წყალობას ელის ღმერთისგან. ასტროლოგებს დაუდგენიათ თურმე, რომ ხვალ პლანეტები, ეს კოსმოსში დაკიდებული ქვის, მიწის და ყინულის საგნები, ისე დალაგდებიან, რომ (ვციტირებ ამ “სიბრძნეს”) “სამყაროს გადავყავართ 40 ჰერციან სიხშირეზე.

რას ნიშნავს ეს, გეტყვით – შიში არის 1,5 ჰერცი სიხშირის, ხოლო ბოღმა-წყენა 2,5 ჰერცი, კეთილშობილება – 150 ჰერცი, სიყვარული – 250 ჰერცი. ეს ნიშნავს, რომ კოსმოსი უკვე ადამიანებისაგან კატეგორიულად ითხოვს მეტ სიყვარულს, მეტი კეთილშობილების გამოვლენას, სიკეთის წინა პლანზე წარმოჩენას, რათა ჩვენ 40 ჰერცზე დაბლა არ დავეშვათ.” გაიგეთ? ახლა კოსმოსმა, ანუ მატერიამ გვიბრძანა და უნდა შეიძინოთ სიყვარულმზომი, ბოღმამზომი, შიშმზომი და ა.შ. შეყვარებულს უნდა გაუზომოთ, რამდენი ჰერცით უყვარხართ, კეთილშობილებაც უნდა გაზომოთ ჰერცებში, წყენაც, ბოღმაც და ასე შემდეგ. მზეს, ვენერას ან პლუტონს ხომ არ განარისხებთ?! 40 ჰერცზე დაბლა არ დაეშვათო შემოუთვლიათ ქვებს.

აი, ესაა 21-ე საუკუნის კერპთაყვანისმცემლობა. აშკარაა, დღევანდელი საქართველო ჯერ არ გაქრისტიანებულა. შერეკილების მდგომარეობაში ვართ, “სიყვარული ვერტიკალური და თან ბრუნვადი“, – წერს დეკანოზი სოციალურ ქსელში.

იტვირთბა....