„უნდა იყოს უფრო მკაცრი ჩაკეტვა. 24 დეკემბერს ქვეყანა არ უნდა გაიხსნას არავითარ შემთხვევაში,” – აღნიშნული განცხადება გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველმა ჯანდაცვის საკითხებში, გიორგი ფხაკაძემ გააკეთა.
ამასთან, გიორგი ფხაკაძე საქართველოს მთავრობას პანდემიის გამო დაწესებული შემზღუდავი ღონისძიებების არა შემსუბუქებას, არამედ კიდევ უფრო გამკაცრებას ურჩევს.
„უნდა იყოს უფრო მკაცრი ჩაკეტვა. 24 დეკემბერს ქვეყანა არ უნდა გაიხსნას არავითარ შემთხვევაში. ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ მერე ვითვალოთ ჩვენი მოქალაქეების ავადობის ციფრები, რომელიც იქნება გაზრდილი უფრო მეტად. ჩემი პოზიცია არის მარტივი როგორც პრემიერთან, ისე მინისტრებთან, რომ უნდა იყოს უმკაცრესი ზომები და ქვეყანა უნდა იყოს ჩაკეტილი 6 კვირა, რომ ჩვენ ამოვისუნთქოთ. თუ იქნება არაფექტური წერტილოვანი ჩაკეტვები, გვექნება უფრო სავალალო და მწარე შედეგები“-აცხადებს ფხაკაძე.
ცნობისთვის, მოიხსნება თუ არა 24 დეკემბრიდან რიგი შეზღუდვები, რომელიც მთავრობამ 28 ნოემბრიდან შემოიღო, ამ ეტაპზე უცნობია. როგორც ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატთან ნათია თურნავასთან სავაჭრო ცენტრების ხელმძღვანელობასთან შეხვედრის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი, სავარაუდოდ გადაწყვეტილებას საკოორდინაციო საბჭო ხვალ, 21 დეკემბერს მიიღებს.