ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“არიან ისეთი ადამიანებიც, რომელთაც სხვადასხვა სახის ქონება უფიქსირდებათ”- კალაძე “აფრიკის” მცხოვრებლებზე

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, დედაქალაქში მომრავლდა სახელმწიფო მიწების უკანონოდ მიტაცების ფაქტები, რასაც კანონის ფარგლებში, შესაბამისი რეაგირება მოჰყვება.

დედაქალაქის მერი მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე კიდევ ერთხელ გამოეხმაურა სამგორის რაიონში, მიტაცებულ სახელმწიფო მიწაზე მიმდინარე უკანონო მშენებლობებს, რომლის დემონტაჟიც თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ კანონის სრული დაცვით, გუშინ დაიწყო.

„ძალიან ბევრჯერ მისაუბრია ამ თემაზე და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ სამწუხაროდ, ქალაქში გვაქვს ბევრი უბანი და რაიონი, სადაც მიწების უკანონოდ დატაცება და შენობა-ნაგებობების განთავსება მიმდინარეობს. სრული პასუხუსმგებლობით მინდა განვაცხადო, რომ გუშინ, სადაც შენობა-ნაგებობების დემონტაჟი განხორციელდა, არცერთ შენობაში მოქალაქეები არ ცხოვრობდნენ. ამავე ტერიტორიაზე ცხოვრობენ ოჯახები, რომელთაც ასევე, მიტაცებულ მიწებზე აქვთ აშენებული სახლები. ჩვენ, რა თქმა უნდა, ამ ოჯახებს არ შევხებივართ და მხოლოდ იმ  ობიექტების დემონტაჟი განხორციელდა, სადაც უშუალოდ მშენებლობა მიმდინარეობდა – ზოგი საძირკველში იყო, ზოგი ნახევრად იყო ამოშენებული. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი მხრიდან არაერთხელ მიეცათ გაფრთხილება, რომ თავადვე განეხორციელებინათ დემონტაჟი, რეაგირება არ მომხდარა. შესაბამისად, ვიმოქმედეთ კანონის ფარგლებში, რადგან მიუღებელი და დაუშვებელია სახელმწიფო ქონების დატაცება“, – განაცხადა თბილისის მერმა.

მისივე თქმით, იმ ოჯახებს შორის, რომლებიც სახელმწიფოს მიწაზე უკანონო მშენებლობას ახორციელებს, სოციალურად დაუცველების გარდა, არიან ისეთი მოქალაქეები, რომელთაც თბილისში და ქვეყნის სხვადასხვა რაიონში უძრავი ქონება უფიქსირდებათ.

„გუშინ მამა-შვილის ძალიან მძიმე ფოტოსურათი გავრცელდა, რომელმაც მთელი სოციალური ქსელი მოიცვა. ამასთანავე, ვრცელდებოდა ცრუ ინფორმაცია, თითქოს, ჩვენ ამ მამა-შვილს საცხოვრებელი სახლი დავუნგრიეთ, რაც სრული სიცრუეა. როდესაც ხდება მიწების დატაცება, რა თქმა უნდა, მათ შორის, ბევრი მართლაც გაჭირვებული და სოციალურად დაუცველია, თუმცა არიან ისეთებიც, რომლებიც მიწების მიტაცებითა და შემდეგ შენობა-ნაგებობების განთავსებით, „ხელს ითბობენ“. ჩვენ ამ თემას ბოლომდე ჩავყვებით, რადგან არიან მოქალაქეები, რომელთაც თბილისში და ქვეყნის სხვადასხვა რაიონში, სხვადასხვა სახის ქონება უფიქსირდებათ. ხაზს ვუსვამ, რომ ამ მოქალაქეებში არიან ისეთი ოჯახები, ვინც მართლაც სოციალურად დაუცველები არიან და უჭირთ, მაგრამ არიან ისეთი ადამიანებიც, ვინც მიწების დატაცებით „ხელს ითბობს“.

კერძოდ, მოქალაქე შ.ჯ. მცხოვრები სიღნაღის რაიონის სოფელ ვაქირში ფლობს ოთხ მსუბუქ ავტომობილს, მამას რეგისტრირებული აქვს 6 000 კვ. მეტრი სახნავ-სათესი მიწა; მოქალაქე დ.შ, მცხოვრები ქალაქ თბილისში, გურამიშვილის ქუჩაზე ფლობს ბინას. ასევე, მამას უფიქსირდება გურამიშვილზე სამი ბინა. ოჯახი ხარაგაულში, სოფელ ლეღვანში ფლობს 1 255 კვ. მიწის ნაკვეთს; მოქალაქე დ.ტ. თბილისში ქიზიყის ქუჩაზე ფლობს  ბინას, დედას აქვს სოფელ ჯიმითში 3 302 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთი; მოქალაქე ვ.ფ. თბილისში, გუგუშვილის ქუჩაზე  ფლობს 600 კვადრატულ მეტრ ბინის ფართს; მოქალაქე გ.მ. თბილისში, ნავთლუღის დასახლებაში ფლობს სახლს, მამას აქვს 568 კვ. მეტრი ფართი ამავე დასახლებაში; მოქალაქე ნ.ბ. რეგისტრირებულია კასპში, მამას აქვს კავთისხევში 1 300 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთი. დედა რეგისტრირებულია ინდმეწარმედ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის განმარტებით, აღნიშნულ ფაქტებს შესაბამისი სამსახურები სრულყოფილად მოიკვლევენ.

„რა თქმა უნდა, ამ ფაქტებს სჭირდება სრულყოფილი მოკვლევა, რომელსაც აუცილებლად გავაკეთებთ. ის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ დავიცვათ ამ ქვეყანაში მცხოვრები თითოეული მოქალაქე. ყველამ ერთად, მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ გვერდში დავუდგეთ სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს და იმ ოჯახებს, რომელთაც ჩვენი დახმარება ყველაზე მეტად სჭირდებათ. აქვე, მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო, ბიზნესსექტორის ყველა იმ წარმომადგენელს, ვინც ამ რთულ პერიოდში დედაქალაქის მოსახლეობას გვერდით უდგას“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

იტვირთბა....