ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია აფრიკის დასახლებაში მერიის მიერ საცხოვრებელი სახლების დემონტაჟს სოციალური ქსელიტ ეხმიანება.
გამზარდია ხელისუფლების მოქმედებას ტირანიას უწოდებს და აცხადებს, რომ ყველა მიმართულებით ყველაზე სუსტ და უპოვარ ჯგუფებს ანადგურებს.
“მტრონომი”არჩილ გამზარდიას პოსტს უცვლელად გთავაზობთ.
“რა კატეგორია ცხოვრობს აფრიკის დასახლებაში?
რა ზომის სახლები თუ საარსებო სივრცეები აქვთ შექმნილი?
სოციალური ცხოვრების რომელ მომენტზეა საუბარი?
რამდენად სამართლიანი ხელისუფლების მმართველობაში უწევთ ცხოვრება, რომ ხელისუფლებისგან მიიღონ თუნდაც “კანონიერი” ულმობელობა?
წელიწადის რომელ დროს? რა პირობებით? რა საარსებო რესურსებით?
ამ შეკითხვების ერთადერთი პასუხი სამწუხაროდ არის ტირანია და უსამართლობა, რომელზედაც “ქართული ოცნება” გადავიდა.
დიახ, ეს არის არა “კანონიერების დაცვის”, არამედ ტირანიის ნიმუში. და ეს ტირანია უკვე საფუძველი ხდება “ქართული ოცნების” მესამედ მოსვლის შემდგომ.
რას უშვრებით ამ ხალხს? რა მომავალი ელით?
ყველა გადაწყვეტილებაში რომ ყველაზე სუსტ და მგრძნობიარე, უპოვარ ჯგუფებს ანადგურებთ ხელისუფლება, მეორე მხრივ კი, ყველაფერს აკეთებთ, რომ უმრავლესობა უპოვარი გახდეს და ისინიც გაანადგუროთ.
რომ ვამბობ ხოლმე “ქართული ოცნება” ტირანიის ელემენტებს უკვე შეიცავს-თქო, ოპოზიციონერებიც კი მედავებიან, რას ამბობ, ამლაშებო. ასე მეუბნებოდით, როდესაც წინა წლებში ხელისუფლების დიქტატზე ვლაპარაკობდი, ხომ ზუსტად ისე აღმოჩნდა, რასაც ვამბობდი?
გააცნობიერეთ დროზე მმართველობის ხასიათი, პრეცენდენტების სისტემურობა ქმნის რეჟიმს, მეტი კი არაფერი. ასე პრეცენდენტებით, ჯერ იშვიათით, შემდეგ ინტენსიურით და ხშირით იქმნება სწორედ ტირანია.
დიახ, ჩვენ გადავდივართ აქტიური დიქტატისა და ტირანიის რეჟიმში.
“ქართული ოცნების” მთავარი ღირებულება კი არაა ადამიანი, რასაც აცხადებს, არამედ მათი მთავარი სიძულვილია ამ ქვეყანაში ადამიანი ხელისუფლებისათვის,”- წერს არჩილ გამზარდია.
შეგახსენებთ, აფრიკის დასახლებაში დაპირისპირება დილიდან დაიწყო, ადგილზე იმყოფებაოდა პოლიციაც, რომელიც ადგილობრივების დაშლას ცდილობდა. ადგილობრივების პროტესტი დასახლებაში მუნიციპალური ინსპექციის მიერ უკანონოდ აშენებული შენობა-ნაგებობის დემონტაჟს მოჰყვა.