ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, განახლებული გაიდლაინით ეცდებიან, ოვიდინფიცირებულ პაციენტებში ინტუბაცია ჩანაცვლდეს ჟანგბადის მაღალი ნაკადის მიწოდებით.
მისივე განმარტებით, კოვიდინფიცირებულ პაციენტებში ჟანგბადის გაძლიერებულად მიწოდებას უკეთესი შედეგები აქვს, ვიდრე ინტუბაციას.
„დაახლოებით, ორ კვირაში გამოქვეყნდება განახლებული გაიდლაინი, რომელშიც პრინციპული ცვლილებები არ იქნება, უბრალოდ აისახება ის გამოცდილება, რომელიც ჩვენ ამ გაზრდილი დინამიკის დროს მივიღეთ. შევეცდებით მივაღწიოთ იმას, რომ შემცირდეს ინტუბაციის რაოდენობა რეანიმაციაში, რამეთუ კოვიდავადმყოფებში ინტუბაცია გადარჩენის საუკეთესო საშუალება არ არის, თუმცა როცა ის საჭიროა, აუცილებლად უნდა გაკეთდეს. ეს ინტუბაციები უნდა ჩანაცვლდეს ე.წ. ჟანგბადის მაღალი ნაკადის მიწოდებით. ეს პრინციპულად სხვა ტექნოლოგიაა. ბოლო ორი თვეა, ქვეყანა ინტენსიურად მუშაობს იმაზე, რომ რეანიმაციული განყოფილებები აღიჭურვონ ამ ტექნიკით და ტექნოლოგიით. თითქმის დამთავრებულია ეს პროცესი. ბევრ კლინიკაში პრაქტიკაში უკვე ხორციელდება ინტუბაციის ნაცვლად ჟანგბადის გაძლიერებული, მაღალი ნაკადით მიწოდება და მას უკეთესი შედეგები, უკეთესი გამოსავალი აქვს. ბუნებრივია, ეს აისახება პროტოკოლსა და გაიდლაინებშიც“, – განაცხადა ცერცვაძემ.