საქართველოს ახალი გენერალური პროკურორი ჰყავს. ირაკლი შოთაძე საპროკურორო საბჭომ აირჩია. საბჭოს 15 წევრიდან შოთაძის კანდიდატურას 13-მა წევრმა დაუჭირა მხარი.
ვინ არის ირაკლი შოთაძე, რომელიც საქართველოს პროკურატურას 6 წლით უხელმძღვანელებს?
ახალმა პროკურორმა 2005 წელს დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. როგორც მისი ბიოგრაფიიდან ჩანს, შოთაძეს სწავლა ბაკალავრის ხარისხის მიღების შემდეგ აღარ გაუგრძელებია.
განათლებისგან განსხვავებით მრავალფეროვანია ახალი პროკურორის სამუშაო გამოცდილება. მან გენერალურ პროკურატურაში მუშაობა 2006 წლიდან დაიწყო. მუშაობდა საკადრო უზრუნველყოფის დეპარტამენტში, საგარეო დაზვერვის სპეციალურ სამსახურში.
2010 წლიდან შოთაძე კარიერას განაგრძობს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში, ჯერ როგორც საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ, 2013 წლიდან კი უფროსად.
როგორც შოთაძის მიერ 2015 წელს შევსებული ქონებრივი დეკლარაციიდან ირკვევა, გენერალურ პროკურატურაში მუშაობისას მისი თვიური ანაზღაურება 9594 ლარი იყო.
რაც შეეხება უძრავ ქონებას, როგორც დეკლარაციიდან ირკვევა შოთაძის სახელზე უძრავი ქონება რეგისტრირებული არ არის. მისი ოჯახის წევრები კი რამდენიმე ბინას ფლობენ თბილისში და მიწის ნაკვეთს თეთრიწყაროში.
რამდენი ექნება ხელფასი ახალ გენერალურ პროკურორს? თუკი ყოფილი გენერალური პროკურორის, გიორგი ბადაშვილის დეკლარაციას დავეყრდნობით, რომელიც 2015 წლის ივლისშია შევსებული, შოთაძის ხელფასი ახალ თანამდებობაზე 5 380 ლარი უნდა იყოს.
გენერალური პროკურორის თანამდებობა საქართველოში ძალიან მნიშვნელოვანი თანამდებობაა, რადგან ქვეყანაში ჩამოყალიბებული ინსტიტუტების არარსებობის გამო, საზოგადოება ამა თუ იმ საკითხის გამოძიებას, სწორედ პიროვნებებს უკავშირებს ხოლმე.
2012 წლიდან „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას არაერთი მცდელობა ჰქონდა პროკურატურაში მოეყვანა „ღირსეული“ კაცი, რომელიც მეტნაკლებად მისაღები იქნებოდა ჭრელი კოალიციის წევრთათვის.
რამდენად მისაღებია „ქართული ოცნების“ წევრთათვის, ამას მას შემდეგ გავიგებთ როცა საქართველოს პარლამენტი ოფიციალურად დაამტკიცებს ირაკლი შოთაძეს გენერალურ პროკურორად.