კოვიდინფიცირებული პაციენტების სამკურნალოდ პრეპარატი “რემდესივირი” საქართველოში დაახლოებით ორ კვირაში შემოვა. ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ “საზოგადოებრივ მაუწყებელთან” განაცხადა.
ცერცვაძის ინფორმაციით, პრეპარატ “რემდესივირს” ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ეროვნული ცენტრი 104 ათას დოლარად შეიძენს.
მისივე თქმით, კლინიკამ რემდესივირის შესყიდვაზე თანხმობა შესყიდვების სააგენტოსგან უკვე მიიღო.
ამასთან, თენგიზ ცერცვაძე სამკურნალოდ პრეპარატ “რემდესივირის” უცხოეთიდან გამოგზავნის გამო მის მიმართ გაჟღერებულ კრიტიკას ეხმიანება.
ცნობისთვის, გამოჯანმრთელების შედმეგ, თენგიზ ცერცვაძემ პირველი განცხადება გაავრცელა, სადაც ამბობს, რომ მან მდგომარეობის დამძიმების შემდეგ პრეპარატი “რემდესივირი” გადაისხა. ხოლო, ვინაიდან ეს პრეპარატი ჯერ საქართველოში არ შემოსულა, მას უცხოეთიდან გამოუგზავნეს. ამ განცხადებას მისი მისამართით დიდი კრიტიკა მოჰყვა.
რაც შეეხება თავად პრეპარატს, “რემდესივირი” ოქტომბერში აშშ-ს საკვებისა და მედიკამენტების ასოციაციამ კორონავირუსის სამკურნალო პრეპარატად დაამტკიცა. ისინი დაეყრდნენ კვლევას, რომლის მიხედვითაც რემდესივირი გამოჯანმრთელების ვადის შემცირებას ეხმარება. თუმცა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 20 ნოემბერსექიმებს ურჩია, კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების სამკურნალოდ რემდესივირი არ გამოიყენონ.