ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“რას ნიშნავს რუსები ჩამოვლენ და ლუგარის ყველა კუთხე-კუნჭულში შევლენ” – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე რუსეთის საგარეო უწყების იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანხმადაც, ლუგარის ლაბორატორიაში ვიზიტს მაშინ ექნება აზრი, თუ რუსი ექსპერტები ლაბორატორიის ყველა შენობაში შესვლას შეძლებენ და ექნებათ წვდომა ყველა სასურველ დოკუმენტაციაზე.

როგორც გამყრელიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, არ დაუშვებენ, რომ ჩამოვიდეს მხოლოდ რუსული დელეგაცია. მისივე განმარტებით, რუსულ მხარეს საერთაშორისო დელეგაციის შემადგენლობაში ჩამოსვლას სთავაზობენ.

“უკვე 30 წელია რაც საბჭოთა კავშირი აღარ არსებობს და რუსეთი და მოსკოვი აღარ არის ჩვენი მბრძანებელი. ეს როგორმე ჩვენმა რუსმა კოლეგებმა უნდა გაითავისონ და შეეგუონ ამას. რას ნიშნავს, ჩამოვლენ და ყველა კუთხე-კუნჭულში შევლენ და ა.შ. ისევე ჩამოვა რუსი, როგორც ჩამოდის სხვა ერის წარმომადგენელი ლუგარის ლაბორატორიაში. რამდენჯერმე მოვიწვიეთ რუსები, ოღონდ არა მარტო რუსები, ამას არ დავუშვებთ ჩვენ, რომ ჩამოვიდეს მხოლოდ რუსული დელეგაცია, ჩვენ მათ ვთავაზობთ, რომ ჩამოვიდნენ საერთაშორისო დელეგაციის შემადგენლობაში.

ასეთი იყო ბოლო შეფასება 2018 წელს, უშუალოდ ლუგარის ლაბორატორიის, ნოემბერში, როდესაც 17 ქვეყნის 25 ექსპერტი იყო. მაშინაც ჰქონდათ შეთავაზება მათ, რომ ჩამობრძანებულიყვნენ და უარი თქვეს. ასევე, შარშან მთლიანად ჩვენი ეპიდზედამხედველობის სისტემა და ლაბორატორიული სისტემა შეაფასა ცალკე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანზიაციამ, ცალკე ევროპის დაავადებათა კონტროლის ცენტრმა, ისე რომ, ნებისმიერ საერთაშორისო მისიებში რუსებს შეუძლიათ ჩამობრანდნენ და გაეცნონ.

ბევრჯერ არიან ნამყოფი რუსი ჟურნალისტები, რუსი მეცნიერები ლუგარის ლაბორატორიაში, ნანახი აქვთ, რასაც ვაკეთებთ და რითიც ვართ დაკავებული.

„ამიტომ ყველა ეს გამოხტომა, რაც ხდება, გუშინ, გუშინ წინ, დღეს და ეს განცხადებები, არის გარკვეული პერიოდულობით. ამ პერიდოულობას აქვს მხოლოდ პოლიტიკური სარჩული“, – განაცხადა გამყრელიძემ.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ ლუგარის ლაბორატორიაში ვიზიტს მაშინ ექნება აზრი, თუ რუსი ექსპერტები ლაბორატორიის ყველა შენობაში შესვლას შეძლებენ და წვდომა ექნებათ ყველა სასურველ დოკუმენტაციაზე.

მათი თქმით, “მიუხედავად საქართველოს მთავრობის განცხადებებისა, რომ თავად აკონტროლებენ და აფინანსებენ ლაბორატორიის საქმიანობას, მასში მიმდინარე კვლევები აშშ-სთან და მის პარტნიორებთან არის აფილირებული, რაც კითხვებს ბადებს“. – წერია განცხადებაში.

იტვირთბა....