ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“შეხვედრაზე 2019 წლის მოვლენები ნახსენები საერთოდ არ ყოფილა, ეს არის რუსეთის მხარის ინტერპრეტაცია” – ზურაბ აბაშიძე

რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი, ზურაბ აბაშიძე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას ეხმაურება.

როგორც აბაშიძე აღნიშნავს, გრიგოლ კარასინთან შეხვედრისას 2019 წლის მოვლენები ნახსენები საერთოდ არ ყოფილა, ეს არის რუსეთის მხარის ინტერპრეტაცია.

ამასთან, როგორც ზურაბ აბაშიძე განმარტავს, ორმხრივი მზაობა არ ყოფილა არც „ქართველი ნაციონალისტური ჯგუფების მიერ ანტირუსული პროვოკაციის უარყოფითი შედეგების დაძლევის მიმართულებით“, როგორც ეს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

„კომენტარში, რომელიც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე დადო, არის ასეთი პასაჟი – „დადასტურდა ორმხრივი განწყობა, მზაობა, 2019 წლის ზაფხულში ქართველი ნაციონალისტების მიერ ცნობილი ანტირუსული პროვოკაციის უარყოფითი შედეგების დასაძლევად”. ხაზგასმით ვაცხადებ, ასეთი რამ არ ყოფილა. ასეთი ორმხრივი მზაობა ამ თემასთან დაკავშირებით არ ყოფილა და 2019 წლის მოვლენები შეხვედრაზე ნახსენები საერთოდ არ ყოფილა. ეს გახლავთ რუსეთის მხარის ინტერპრეტაცია”, – აღნიშნა ზურაბ აბაშიძემ.

შეგახსენებთ, რომ ქართულ-რუსული არაფორმალური დიალოგის ფარგლებში, რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძის და რუსეთის ფედერალური სათათბიროს ფედერალური საბჭოს წევრის გრიგორი კარასინის შეხვედრა ონლაინ ფორმატში გაიმართა.

ამასთან, აღსანიშნავია ისიც, რომ აბაშიძე-კარასინის შეხვედრის დასრულების შემდეგ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა.

იტვირთბა....