ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

წულუკიანი, თალაკვაძე, მდინარაძე – როგორ გადანაწილდება თანამდებობები მმართველ გუნდში

ვრცელდება ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ გადანაწილდება მმართველ გუნდში თანამდებობები.

არსებული ინფორმაციით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თანამდებობა შესაძლოა, იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა, თეა წულუკიანმა დაიკავოს.

იმ შემთხვევაში, თუკი თეა წულუკიანი მთავრობის ნაცვლად საქმიანობას პარლამენტში განაგრძობს, ის სავარაუდოდ, პირველი ვიცე-სპიკერის პოსტს დაიკავებს.

მე-10 მოწვევის პარლამენტში საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარის თანამდებობას კვლავ მოქმედი სპიკერი არჩილ თალაკვაძე დაიკავებს.

მმართველმა გუნდმა პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატად არჩილ თალაკვაძე ჯერ კიდევ წინასაარჩევნო პერიოდში დაასახელა.

რეგლამენტის თანახმად, დეპუტატები პარლამენტის თავმჯდომარეს ფარული კენჭისყრით, პირველსავე სხდომაზე აირჩევენ. ამასთან მეათე მოწვევის პარლამენტი 10 დეკემბრამდე უნდა შეიკრიბოს.

შეგახსენებთ, რომ არჩილ თალაკვაძე მე-9 მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარე 2019 წელს გახდა, როდესაც 20 ივნისს განვითარებული მოვლენების შემდეგ, თანამდებობა ირაკლი კობახიძემ დატოვა.

მე-10 მოწვევის პარლამენტში ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე შესაძლოა, მამუკა მდინარაძე გახდეს.

ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ფრაქციის თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე იქნება, მას შესაძლოა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის თანამდებობის შეთავსებაც მოუწიოს, რადგან ახალი რეგლამენტით, უმრავლესობის ლიდერის პოსტი ფორმალური ხასიათისაა.

მამუკა მდინარაძე ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მეცხრე მოწვევის პარლამენტში იყო, თუმცა 2019 წლის 14 ნოემბრის პლენარულ სხდომაზე საკონსტიტუციო ცვლილებების ჩავარდნის და უმრავლესობიდან რამდენიმე დეპუტატის წასვლის შემდეგ, მან უმრავლესობის ლიდერისა და ვიცე-სპიკერის თანამდებობა დაიკავა.

გარდა ამისა, მმართველ გუნდში პარლამენტის კომიტეტების თავმჯდომარეების კანდიდატურებზე კონსულტაციები უკვე დაიწყო.

  • კერძოდ, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე სოზარ სუბარის კანდიდატურა მოიაზრება;
  • გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე – მაია ბითაძის;
  • ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე – მაკა ბოჭორიშვილის;
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი კი შესაძლოა, დავით სერგეენკომ დაიკავოს.
  • თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე ირაკლი ჩიქოვანისა და ირაკლი ბერაიას კანდიდატურები განიხილება,
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის შემთხვევაში არჩევანი შეიძლება გაკეთდეს მიხეილ სარჯველაძესა და შალვა პაპუაშვილს შორის.
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის პოსტზე განიხილება როგორც ირაკლი კოვზანაძის, ასევე პაატა კვიჟინაძის კანდიდატურები,
  • ხოლო საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე ნიკოლოზ სამხარაძისა და გიორგი ხელაშვილის კანდიდატურებზე მსჯელობენ.

წყარო: “საზოგადოებრივი მაუწყებელი”

იტვირთბა....