“პარლამენტის ბოიკოტირება და საბიუჯეტო დაფინანსების აღება ერთმანეთთან შეუთავსებელია, ირიბი ლეგიტიმაციაა არჩევნების შედეგების. ამოვა კოლექტიური კობახიძე, იტყვის ოპოზიციამ ამ ნაბიჯით არჩევნების ლეგიტიმურობა სცნოო და მართალი იქნება. ბოიკოტი ნიშნავს ყველაფერზე უარის თქმას და ოცნების ეულად დატოვებას, მათ შორის არა მხოლოდ საბიუჯეტო დაფინანსებაზე უარს, არამედ ყველა არჩევითი ორგანოდან საკუთარი წევრების გამოყვანას.”
ზურაბ ჯაფარიძე – “გირჩის” ლიდერი
ამის შესახებ ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს და აღნიშნულით საბიუჯეტო დაფინანსების მიღების თაობაზე პარტიების ცესკოსთვის მიმართვას ეხმიანება.
ცესკოს საბიუჯეტო დაფინანსების მიღებაზე წერილობითი თანხმობით ცხრა პარტიამ მიმართა. ხუთ პარტიას კი, რომელსაც 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე ბიუჯეტიდან დაფინანსება ეკუთვნის, ცესკოში განაცხადი არ შეუტანია.
ცენტრალურ საარჩევნო ადმინისტრაციას წერილობით 14-დან ცხრა პარტიამ მიმართა. ეს პარტიები არიან: “ქართული ოცნება“, “ევროპული საქართველო“, “ნაციონალური მოძრაობა“ და მასთან ერთად საარჩევნო ბლოკში შემავალი: – “მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“, “პროგრესი და თავისუფლება“, “რესპუბლიკური პარტია“ და “ევროპელი დემოკრატები“; ასევე, “გიორგი ვაშაძე-სტრატეგია აღმაშენებელი“ და “კანონი და სამართალი“.
შესაბამისად, ცესკოსთვის დაფინანსების მისაღებად არ მიუმართავს: “პატრიოტთა ალიანსს“, “ლეიბორისტულ პარტიას“, “მოქალაქეებს“, “გირჩსა“ და “ლელოს“.