მთავრობა კორონავირუსის პრევენციის მიზნით გასატარებელი დამატებითი შეზღუდვების შესახებ საზოგადოებას დღეს გააცნობს.
როგორც ოფიციალური წარმომადგენლები ამ დრომდე აცხადებდნენ, სრული “ლოკდაუნი” არ იგეგმება, თუმცა არსებული წერტილოვანი შეზღუდვები გაფართოვდება.
არაოფიციალურად ვრცელდება ინფორმაცია გასატარებელი მკაცრი ღონისძიებების შესახებ. ამავე ინფორმაციით ახალი შეზღუდვები 28 ნოემბრიდან 24 დეკემბრამდე იმოქმედებს. დეკემბრის ბოლოდან იანვრის დასაწყისამდე, შობა-ახალი წლის გათვალისწინებით, დაგეგმილია შეზღუდვების მოხსნა, თუმცა იანვრის დასაწყისიდან ქვეყანა კვლავ მკაცრი ზომების რეჟიმს დაუბრუნდება.
მოსალოდნელი შეზღუდვების სია ასე გამოიყურება:
- 24 დეკემბრამდე იკრძალება მუნიციპალური და საქალაქთაშორისო ტრანსპორტი, ხოლო 24-დეკემბრიდან 3 იანვრამდე შეზღუდვები ნაწილობრივ იხსნება და მგზავრების რაოდენობა მკაცრად გაკონტროლდება.
- ღამის საათებში გადაადგილების შეზღუდვა იმოქმედებს 21:00-დან 05:00-მდე;
- 28 ნოემბრიდან 24 დეკემბრამდე იკეტება დიდი ბაზრობები, მათ შორის სამშენებლო. ასევე იკეტება საცურაო აუზები, სპორტდარბაზები და ყველა რითეილ გაყიდვა. ხოლო სურსათის, სილამაზისა და სპა სალონებს შეზღუდვა არ ეხება. 24 დეკემბრიდან 3 იანვრამდე დაკეტილი ობიექტები გაიხსნება;
- ბაღი, სკოლა და ინსტიტუტები სრულად დისტანციურ რეჟიმზე გადადიან;
- რესტორნები იმუშავებენ მხოლოდ მიტანის სერვისზე;
არაოფიციალური ინფორმაციით 3-დან 15 იანვრამდე ისევ მჯაცრი შეზღუდვები გამოცხადდება, 15 იანვრის შემდეგ კი ეს შეზღუდვები უკვე შაბათ-კვირას იმოქმედებს, ხოლო უკვე პირველი თებერვლიდან იგეგმება, გაიხსნას სავაჭრო ცენტრები და რესტორნები.
აღსანიშნავია, რომ ინფორმაცია ჯერჯერობით დაუზუსტებელია და გადაწყვეტილება სავარაუდოდ დღევანდელი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ დაზუსტდება და გამოცხადდება.