საზოგადოება

რამდენ ობობას ყლაპავს ადამიანი წელიწადში?

საერთოდ, საიდან გაჩნდა ეს კითხვა? ცოტაა სხვა, უფრო მნიშვნელოვანი კითხვები? მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, რომ კვამლი უცეცხლოდ არ ჩნდება და მთლად უარესი –  თუ წარმოიდგენთ, რომ ღამე პირდაღებულს მართლა შეიძლება შეგიძვრეს პირში პატარა, ან მოზრდილი ობობა, მაშინ სულ არ მოგეჩვენებათ კითხვა უადგილო. მითუმეტეს, თუ ეს კითხვა ისეთი წონიანი მედიასაშუალების ვებგვერდზე დევს, როგორიც BBC-ია.

პირი არ ვიცი, მაგრამ ყურში შეძვრომა რომ უყვართ ობობებს, ეს ცნობილი ფაქტია. ამის ყველაზე ცნობილი მაგალითი მომღერალი ქეთი მელუაა, რომელსაც ექიმებმა ყურში პატარა ობობა უპოვნეს, რომელიც, როგორც გაირკვა თვითმფრინავით მგზავრობის დროს გადაცხოვრებულა ქეთის ყურში. მოგვიანებით, გათავისუფლებული ობობა მომღერალმა თავის ბაღში გაუშვა.

“ბიბისის” ამ გამოკითხვაში უამრავმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა და ბევრმა გაიხსენა შემთხვევა, როცა ახალგაღვიძებულებს სადღაც კბილებს შორის მიყუჟული ობობა უპოვნიათ:

პოლ დიქსონი, ერთ-ერთი იუზერი: „დილით გაღვიძებულმა ვიგრძენი, რომ სადღაც უკანა კბილთან რაღაც მექავებოდა. აღმოჩნდა, რომ იქ პატარა ობობა იყო“.

რაც შეეხება სპეციალისტებს, ისინი ამბობენ, რომ ადამიანები არც ისე საინტერესოები ვართ ობობებისთვის. მაგალითად, ლონდონის ზოოპარკის უხერხემლოთა განყოფილების უფროსი, დეივ კლარკი ირწმუნება, რომ „მტაცებელთა უმეტესობა თავისზე დიდ არსებებს თითქმის არასოდეს ესხმის თავს და მითუმეტეს ობობები, რომლებსაც ადამიანები საერთოდ არ აინტერესებთ. თუმცა არ არის გამორიცხული, რომელიმე გზააბნეული ობობა მაინც შებოდიალდეს ვინმეს დაღებულ პირში“ – ამბობს კლარკი.

თუ ეს განუგეშებთ, თითო ადამიანზე ასეთი გზააბნეული ობობა წელიწადში შეიძლება საშუალოდ შვიდი მოდიოდეს, მეტი არა. ასე რომ, თუ დილით იგრძენით, თქვენს პირში რაღაც დახტის, იცოდეთ, გზააბნეული ობობა იქნება, რომელსაც სულ არ აინტერესებს ადამიანის პირში შეძვრომა და საერთოდ, შემთხვევით მოხვდა იქ.

ისე, ამ შემთხვევითობისგან ყველაზე კარგი დაზღვევა ხვრინვაა – რაც უფრო ხმამაღლა ხვრინავთ, მით უფრო მცირდება შანსი, რომ ოდესმე, რომელიმე ობობა, თუნდაც ძალიან დაბნეული თქვენს ხახაში თავის შეყოფას გაბედავს.

 

 

იტვირთბა....