“ისრითში ვცხოვრობ დეიდასთან, ნორმალურად ვარ, ყველაფერი მაქვს, რაც მჭირდება.” – ამის შესახებ ხელვაჩაურში, მეწყრის შედეგად დაღუპული ოჯახის ერთადერთი გადარჩენილი წევრი, თიკა თედორაძე “პრაიმტაიმთან” საუბრობს.
როგორც გამოცემა წერს, ხელვაჩაურის ტრაგედიის ერთადერთ გადარჩენილი ახლა დეიდასთან ერთად ცხოვრობს.
“როცა ჩვენი ოჯახის წევრები დავკრძალეთ, იმავე დღიდან ბავშვი ჩემთან წამოვიყვანე. მასზე მე და ჩემი მეუღლე ვზრუნავთ. ჩვენ თიკაზე ერთი წლის პატარა შვილი გვყავს და ორივე ერთად იზრდებიან. ახლა, შედარებით ნორმალურადაა, ამხელა ტრაგედიის შემდეგ, გმირულად იბრძვის. ძლიერი გოგო აღმოჩნდა. ახალ სკოლას, ისრითში კარგად შეეგუა, ბავშვებს საბედნიეროდ იცნობდა, რადგან ამ ტრაგედიამდე, ზაფხულში თიკა ჩემთან იყო და მაშინ დაუმეგობრდა თანატოლებს.
ჩემთან გარემოც მოსწონდა და ახლა, ადაპტაცია არ გაუჭირდა. ბევრი ბავშვი, სკოლელები თუ უბნელები მასთან მეგობრობენ და მასთან კარგი ურთიერთობა აქვთ. სოციალურ სამსახურს მივმართე და ოფიციალურად, ნათესაური მინდობითი აღზრდის სერვისში ჩავერთეთ. ასე წამოვიდა თიკა ჩვენთან.
მე არ ვმუშაობ, სახლში ბავშვებთან ვიმყოფები. მეუღლე მუშაობს, მაქსიმალურად ყველაფერს ვუკეთებთ მათ. ღვთის წყალობით, არ გვაქვს ისეთი მდგომარეობა, რომ ვინმეს მატერიალური დახმარება გვჭირდებოდეს. მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩვენი ოჯახის გასაჭირს იზიარებს და მორალურად მხარს გვიჭერს. ყველაზე რთული ჩემთვის ჩუმი გლოვაა. რა თქმა უნდა, თიკასთან ჩემს გარდაცვლილებს ხშირად არ ვახსენებ. უმძიმესია, თან გლოვობდე და თან თავს ისე იჭერდე, თითქოს ტრაგედიას მოერიე, თითქოს ყველაფერმა გაიარა, მაგრამ თიკაზე ზრუნვა ჩემი შინაგანი განცდების გამოხატვის მორალურ უფლებას არ მაძლევს.
თავად ეს პატარა გოგოც ისე ცდილობს ცხოვრება გააგრძელოს და ძალიან ხშირად დაღუპულ მშობლებსა და ძმაზე არ საუბრობს. ამ დრომდე, არც ფსიქოლოგის დახმარება არ დაგვჭირვებია, ჩვენი ძალებით ვუმკლავდებით იმ სიცარიელით გამოწვეულ ტკივილს, რომელიც ოჯახის წევრების გარდაცვალებამ დაგვიტოვა. ღმერთი გვაძლევს ძალას, ახლა მხოლოდ მისი იმედი მაქვს და ის გვაძლიერებს.
მხოლოდ მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ ჩვენთვის უცნობ ადამიანს, რომელმაც ჩვენი წუხილი გაიზიარა და განსაკუთრებული მადლობა გიორგი კეკელიძეს, რომელმაც თიკა მოინახულა და ბიბლიოთეკა გადასცა. დამერწმუნეთ, ჩვენთვის თითოეული თბილი და გამამხნევებელი სიტყვა ძალიან ძვირფასია.” – ამბობს მეგი ბერიძე.
ინფორმაციისთვის:
“დეე მაა, ძამიკოო აი სიტყვებით ვერ აღვწერ ისე მენატრებით. ბოლოჯერ მაინც ჩაგხუტებოდით…მეც მოვყოლოდი მაგ სახლის ქვეშ… დღეს ხომ მეც თქვენთან ერთად ვიქნებოდი” – ასე ეხმაურებოდა სოციალურ ქსელში ხელვაჩაურის ტრაგედიის ერდადერთი გადარჩენილი თიკა თედორაძე.
შეგახსენებთ, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა ჯოჭოში, 1-ლ ოქტომბერს, მეწყერმა მიწის მასის ქვეშ საცხოვრებელი სახლი და გზაზე მყოფი ავტომობილი ჩაიტანა. შედეგად ხუთი ადამიანი – სახლში მყოფი თედორაძეების ოჯახიდან დედა, მამა და არასრულწლოვანი შვილი, ასევე ავტომობილში მყოფი ორი ადამიანი დაიღუპა.
ხანგრძლივი სამძებრო ღონისძიებების შედეგად, აღმოჩენილი იქნა ავტომანქანა, რომელშიც ორი ადამიანი, ბექა ბოლქვაძე და ირაკლი ბოლქვაძე იმყოფებოდნენ. ისინი გარდაცვლილი იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, ბიჭები მეგობრები იყვნენ. სტუმრად იმყოფებოდნენ და სახლში ბრუნდებოდნენ. მოგვიანებით მაშველებმა გარდაცვლილი მაია ბერიძისა და ლევან თედორაძის ცხედრები, მოგვიანებით კი, მათი არასრულწლოვანი შვილი, მურმან თედორაძე იპოვეს.
წყარო: “პრაიმტაიმი”

