ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“სალომე სამადაშვილი ბოიკოტზე ჭრიჭინებს” – ჩერგოლეიშვილი სალომე სამადაშვილს

“ტაბულას” მთავარი რედაქტორი, თამარ ჩერგოლეიშვილი “ნაცმოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის, სალომე სამადაშვილის იმ განცხადებას ეხმიანება, რომლის თანახმადაც “ერთპარტიული პარლამენტის მიღება ყველას წარუმატებლობას ნიშნავს და ვინც სხვანაირად გეტყვით, გატყუებთ.”

როგორც ჩერგოლეიშვილი წერს, ახლა ბოიკოტის დარღვევა უფრო დიდი ზიანის მომტანია ოპოზიციისთვის, ვიდრე თავად ბოიკოტი.

“სალომე სამადაშვილი ჭრიჭინებს ბოიკოტზე იმ არგუმენტებით, რა არგუმენტებიც ბოიკოტის გადაწყვეტამდე ჰქონდათ ბოიკოტის მოწინააღმდეგეებს.

ამ ყველაფრის ტრაგიკომიკურობა იმაშია, რომ სალომე სამადაშვილის პარტიამ ისე გამოაცხადა ბოიკოტი, ამ ქალბატონ პოლიტიკოსს ხმა არ ამოუღია – არცერთი საჯარო კომუნიკაცია არ ჰქონია, რომ ბოიკოტს ეწინააღმდეგება, იმიტომ რომ კონიუნქტურა ასეთი იყო.

მერე დაიწყო ჭრიჭინი, როცა დასავლეთი მიაწვა – თითქოს გრიგოლ ვაშაძე რომ ბრიფინგს ატარებდა ბოიკოტზე, მაშინ ნათელი არ იყო რომ დასავლეთის პოზიცია ცალსახად ბოიკოტის საწინააღმდეგო იქნებოდა.

ახლა ბოიკოტის დარღვევა უფრო დიდი ზიანის მომტანია ოპოზიციისთვის, ვიდრე თავად ბოიკოტი – მაგრამ მას არც რწმენა გააჩნია, არც ჭკუა, არც სინდისი.” – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.

შეგახსენებთ, დღეს “ნაცმოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა სოციალურ ქსელში ვრცელი განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ის განმარტავს, რომ „ქართული ოცნება“ ერთპარტიული პარლამენტით დაზარალდება.

„ქართული ოცნება“ დაზიანდება ერთპარტიული პარლამენტით, მაგრამ დიდი ალბათობით, არც თუ ისე, რომ ხელისუფლების შენარჩუნება 2021 წლის ადგილობრივ არჩევნებამდე ვერ მოახერხოს. მაშინ რა? ბოიკოტი არჩევნებს? თუ არა? თუ ოპოზიციას მოუწევს ადგილობრივ არჩევნებზე ბრძოლა, ამ არჩევნების მოგება და ამის საფუძველზე, ვადამდელი საპარალამენტო არჩევნების მოთხოვნა? ვვარაუდობ, რომ ეს სცენარი უფრო რეალისტურია.” – განაცხადა სამადაშვილმა სოციალური ქსელის საშუალებით.

იტვირთბა....