ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“ერთპარტიული პარლამენტის მიღება ყველას წარუმატებლობას ნიშნავს და ვინც სხვანაირად გეტყვით, გატყუებთ” – სალომე სამადაშვილი

“ერთპარტიული პარლამენტის მიღება ყველას წარუმატებლობას ნიშნავს და ვინც სხვანაირად გეტყვით, გატყუებთ,” – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, სალომე სამადაშვილი სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს.

როგორც სამადაშვილი წერს, მას აქვს იმედი, რომ მოლაპარაკებები რაიმე აზრიანით დასრულდება, რადგან „ალტერნატივა საკმაოდ ბნელ და უპერსპექტივო მომავალს უქადის ჩვენს ქვეყანას“.

“მეტრონომი” “ნაცმოძრაობის” ერთ- ერთი ლიდერის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.

„დღეს მოლაპარაკებები განახლდა და მეჩვენება, რომ ჩვენს საჯარო სივრცეში დისკუსია ერთ საკითხზე დავიდა: შევიდეს თუ არა ოპოზიცია პარლამენტში? ისე, რომ ამ გადაწყეტილების კონტექსტი გვავიწყდება-ნიშნავს თუ არა პარლამენტზე უარი, არჩევნების გზით პოლიტიკური ბრძოლის წარმართვაზე უარს? ეს რომ გავაანალიზოთ, ამისთვის შესაძლო სცენარები უნდა განვიხილოთ. რას ველოდებით? თავისთავად პარლამენტზე უარი, არც მიზანია და არც რაიმე მყისიერი ეფექტის მქონე საშუალება. ამას ვამბობ, რადგან არ ვაპირებ ვინმეს ვუთხრა, რომ პარლამენტის ბოიკოტი რაიმე სახის გამარჯვება იქნება ვინმესთვის. არა, პირიქით, ერთპარტიული პარლამენტის მიღება ყველას წარუმატებლობას ნიშნავს და ვინც სხვანაირად გეტყვით, გატყუებთ. „ქართული ოცნება“ დაზიანდება ერთპარტიული პარლამენტით, მაგრამ დიდი ალბათობით, არც თუ ისე, რომ ხელისუფლების შენარჩუნება 2021 წლის ადგილობრივ არჩევნებამდე ვერ მოახერხოს. მაშინ რა? ბოიკოტი არჩევნებს? თუ არა? თუ ოპოზიციას მოუწევს ადგილობრივ არჩევნებზე ბრძოლა, ამ არჩევნების მოგება და ამის საფუძველზე, ვადამდელი საპარალამენტო არჩევნების მოთხოვნა? ვვარაუდობ, რომ ეს სცენარი უფრო რეალისტურია. ამ შემთხვევაში, მომავალი არჩევნებისთვის სხვანაირი საარჩევნო გარემოს მიღებაა ოპოზიციის ამოცანა და შესაბამისად, ყველა გადაწყვეტილება, რომელსაც დღეს მიიღებს, ამ ამოცანის ჭრილში უნდა განიხილოს. არსებობს მოსაზრებაც, რომ არჩევნებს ქვეყანაში აზრი აღარ აქვს და ბრძოლის სხვა მეთოდები უნდა ვეძებოთ. ამ პოლიტიკური მიმდინარეობის ადამიანებისთვის, არანაირ შეთანხმებას ხელისუფლებასთან მნიშვნელობა არა აქვს. მიუხედავად იმისა, რომ მათ სკეპცისიზმს ვიზიარებ „ქართული ოცნების“ მიერ დანაპირების შესრულებაზე, ასევე უპერსპექტივოდ მიმაჩნია შეთანხმებაზე და შესაბამისად, არჩევნების პერსპექტივაზე უარის თქმა.

თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების უზრუნველყოფა, ერთადერთ რაციონალურ მიზნად მიმაჩნია. შესაბამისად, ყველა პოლიტიკურ გადაწყეტილების ავკარგიანობას, ამ ჭრილიდან განვიხილავ. მათ შორის იმას, თუ რაზე შეიძლება შევთანხმდეთ ხელისუფლებასთან მიმდინარე მოლაპარაკებების პროცესში. ეს პრინციპული განსხვავებაა ჩემს და მათ შორის, ვინც მოუთმელად ელის ამ მოლაპარაკებების უშედეგოდ დასრულებას იმისთვის, რომ დაგვარწმუნოს – არჩევნებს აზრი აღარ აქვს ამ ქვეყანაში. ამიტომ მაქვს იმედი, რომ მოლაპარაკებები რაიმე აზრიანით დასრულდება, რადგან ალტერნატივა საკმაოდ ბნელ და უპერსპექტივო მომავალს უქადის ჩვენს ქვეყანას“, – წერს სამადაშვილი.

შეგახსენებთ, რომ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ პარლამენტის გადასაწყვეტია, დაატოვებინებს თუ არა პარლამენტის წევრს პარლამენტს.

„პარლამენტს შეუძლია კენჭი არ უყაროს პარლამენტიდან ოპოზიციის გასვლას“, – განაცხადა კობახიძემ.

იტვირთბა....