“ამ ქალაქში არასდროს დაისადგურებს სიბნელე. საქართველო, თბილისი, არასოდეს დაბრუნდება წარსულში და სიბნელეში” – აღნიშნული განცხადება თბილისის მერმა „ფეისბუქ მიმართვის“ დროს სიმბოლურად ჩაბნელებული კიკვიძის პარკიდან გააკეთა.
კახა კალაძე დედაქალაქის მერიის მიერ საახალწლო განათებების შესყიდვასთან დაკავშირებით გამოთქმულ კრიტიკას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ წელს დედაქალაქი, პანდემიის გამო, საახალწლოდ უფრო მოკრძალებული, თუმცა, მაინც ულამაზესი იქნება.
„ახლა ვიმყოფებით კიკვიძის პარკში, რომელიც წელს რეაბილიტირდა, სრულად განახლდა და დასვენების და გართობისთვის ყველა ასაკის ადამიანზეა მორგებული. ჩვენ ყველას კარგად გვახსოვს, თუ რა მძიმე მდგომარეობა იყო ამ პარკში და რეაბილიტაციის შედეგად როგორ მოწესრიგდა. ახლა ღამის ათი საათია, ეპიდსიტუაციის გამო დაწესებული შეზღუდვებიდან გამომდინარე, ხედავთ, რომ პარკი ცარიელია. სიბნელის გამო, ალბათ, ძნელი გასარჩევია, რა ხდება პარკში. ზოგადად, სიბნელე ბევრი რამის შემაფერხებელია. ჩვენ გამოვიარეთ სიბნელის, უიმედობის, დეპრესიის წლები და კარგად ვიცით, რას გრძნობს ადამიანი ამ დროს. რა თქმა უნდა, ყველა დამეთანხმებით, ძალიან არასასიამოვნოა ჩაბნელებული პარკი, სკვერი, ქუჩა და ზოგადად სიბნელე.
მინდა, მივმართო მათ, ვინც ბოლო დღეების მანძილზე უსაგნოდ აკრიტიკებს დედაქალაქის მერიას საახალწლო განათების შესყიდვის გამო; მათ, ვისაც გულწრფელად უყვარს ეს ქალაქი, ქვეყანა, უხარია მისი წინსვლა და დედაქალაქის განვითარება, თქვენ მოგწონთ სიბნელე? ეს ძალიან არასასიამოვნოა. აი, მიმდებარე ქუჩები განათებული და ულამაზესია. ბიუჯეტი დაახლოებით 11-12 მილიონ ლარს ხარჯავს ყოველწლიურად ამ განათებებზე. ჩავაბნელოთ ქუჩები? აღარ გადავიხადოთ ეს 12 მილიონი იმისთვის, რომ ჩვენი ქალაქი ღამით ულამაზესი იყოს? მეგობრებო, დიდებო, პატარებო, თბილისელებო, დედაქალაქის სტუმრებო, გპირდებით, წელს საახალწლო თბილისი იქნება ისეთივე ლამაზი და სავსე სადღესასწაულო განწყობით, როგორც გასულ წლებში“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.
მისივე თქმით, მსოფლიოს წინაშე არსებული გამოწვევების მიუხედავად, ახალი წელი არის დღესასწაული, რომელსაც იმედი და სიხარული მოაქვს.
„მსოფლიო დგას უდიდესი გამოწვევის წინაშე. მათ შორის, თბილისი, საქართველო, აქ მცხოვრები ადამიანები. ვხედავთ, როგორ შეიცვალა სამყარო, ყველას შეგვეხო უხილავი მტერი, რომელსაც კორონავირუსი ჰქვია, მაგრამ რა ვქნათ, ჩავიქნიოთ ხელი, არ ვიფიქროთ მომავალზე? არ ვიბრძოლოთ უკეთესი და უსაფრთხო ხვალინდელი დღისთვის? ჩემი პასუხი მარტივია – თბილისი წელსაც მოირთვება საახალწლო ილუმინაციებით. ეს იქნება მოკრძალებული, მაგრამ იქნება ულამაზესი. თბილისელები ახალ 2021 წელს სიხარულით და იმედებით შეხვდებიან. ამ ქალაქში არასდროს დაისადგურებს სიბნელე. საქართველო, თბილისი, არასოდეს დაბრუნდება წარსულში და სიბნელეში. მინდა იცოდეთ, არავის არცერთი საახალწლო ნათურა სახლში არ მიაქვს. ყველა ხარჯი, რაც დედაქალაქის ბიუჯეტმა გაიღო, ხმარდება თბილისს, ჩვენს მოსახლეობას, ჩვენი დედაქალაქის იმიჯს. მჯერა, რომ 2021 წელი იქნება გამარჯვების წელი, ჩვენ დავძლევთ გამოწვევებს და თბილისი ისევ გახდება თავგადასავლების, აღმოჩენების, სიახლეების ადგილი“, – განაცხადა კახა კალაძემ.