ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“რემდესივირი კრიტიკულ პაციენტებში სიკვდილიანობას არ ამცირებს” – ზურაბ გურული განცხადებას ავრცელებს

“რემდესივირი” კრიტიკულ პაციენტებში სიკვდილიანობას არ ამცირებს, თუმცა, ადრეულ ეტაპზე მისმა ჩართვამ მკურნალობაში, შესაძლოა, გარკვეული დადებითი ეფექტი გამოიღოს”, – ამის შესახებ ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმი, ზურაბ გურული სოციალურ ქსელში წერს.

“მეტრონომი” ქართველი ექიმის “ფეისბუქ” მიმართვას უცვლელად გთავაზობთ.

,,პანდემიის დასაწყისიდან არაერთხელ მომიწია იმის აღნიშვნამ, რომ კლინიცისტები ყველაზე წინ იყვნენ კოვიდის მართვის პრინციპებში გარკვევისას და ეპიდემიოლოგებიც კი დაახლოებით 2 თვის დაგვიანებით მისდევდნენ მათ რეკომენდაციებს. კლინიცისტების შეხედულებების უგულებელყოფამ გამოიწვია კოვიდის მსხვერპლთა მაღალი პროცენტის მნიშვნელოვანი წილიც. ეს ბუნებრივიცაა, ნამდვილი კლინიცისტები ყველაზე ნაკლებად ემორჩილებიან პოლიტიკურ კონიუნქტურებს. კლინიცისტი არ ეკეკლუცება და არ ეთამაშება სიკვდილს; ის მას პატივს სცემს.

,,რემდესევირმაც” მიაღწია თავის ლოგიკურ მიჯნას.

არ ამცირებს სიკვდილიანობას ეს ძვირადღირებული მედიკამენტი კრიტიკულ პაციენტებში, სამწუხაროდ. თუმცა, ადრეულ ეტაპზე მისმა ჩართვამ მკურნალობაში შესაძლოა გარკვეული დადებითი ეფექტი გამოიღოს.

,,რემდესევირი” პოლიტიკური წამალიცაა, ისევე როგორც პლაქვენილი! – ეს არის ფაქტი. და ამ ფაქტის გააზრებისათვის საჭიროა ორი რამ:

1. სამედიცინო სტატიებთან ერთად მსოფლიო პოლიტიკისათვის თვალყურის მიდევნება;

2. უშუალო კლინიკური გამოცდილება.

გუშინ, მთავრობის სხდომაზე კიდევ ერთხელ აღვნიშნე, რომ ეს არის ძვირადღირებული ექსპერიმენტი, სამწუხაროდ.

ამერიკაში ამ წამლის ფასს პაციენტი არ იხდის!

ამ მედიკამენტის ფასს, ისევე როგორც კოვიდის მკურნალობის სრულ ხარჯებს, ამერიკაში იხდის მთავრობა.

ამიტომ მათ აქვთ ამის ფუფუნება.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სპეციალურმა პანელმა დღეს ოფიციალურად განაცხადა, რომ კოვიდის სამკურნალოდ ,,რემდესევირი” არ წარმოადგენს არსებითად ღირებულ საშუალებას, რადგან ის არ ცვლის სიკვდილიანობის კოეფიციენტს და არ ამცირებს უმძიმესი პაციენტების მართვით სუნთქვაზე გადაყვანის შანსებს.

არადა, ეს ეწერა სიტყვა-სიტყვით ,,რემდესევირის” შესახებ არსებულ კვლევაში. უბრალოდ, პოლიტიკურ კონიუნქტურაზე ნებით თუ უნებლიეთ დამოკიდებულმა სპეციალისტებმა წაიკითხეს სასურველი კონტექსტით.

ქართულ ჯანდაცვას ამჟამად კლინიკებში სჭირდება სტანდარტული მედიკამენტების ადექვატური მარაგები, გამართული და კარგად აღჭურვილი ჰოსპიტალური სექტორი; გამოცდილი ექთნები მძიმე პაციენტების კარგად მოსავლელად და იღბალი.

P.S. რემდესევირმა შესაძლოა მაინც იპოვოს თავისი მართებული ადგილი კოვიდის მკურნალობაში. ეს მოხდება მაშინ, როდესაც საბოლოოდ დაზუსტდება მკურნალობის სტადიების სქემები და ზუსტად გვეცოდინება რომელი მედიკამენტი რომელ ეტაპზე ჩავრთოთ. მანამდე კი, აჯობებს მივდიოთ კლასიკურ კლინიკურ ლოგიკას”, – წერს ზურაბ გურული სოციალურ ქსელში.

იტვირთბა....