ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

მაიკ პომპეოსთან ვიზიტის შემდეგ სალომე ზურაბიშვილი განცხადებას ავრცელებს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აშშ-ს სახელმწიფო მდივანს, მაიკ პომპეოს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ მან განცხადება გააკეთა. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ოფიციალური ტურნეს ფარგლებში აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ჩვენს ქვეყანაში ჩამოსვლა კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს, კავკასიისა და შავი ზღვის მნიშვნელობას ამერიკისათვის.

პრეზიდენტმა ამერიკის სახელმწიფო მდივანს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისათვის და აღნიშნა, რომ დეოკუპაციის მშვიდობიანი გზით მიღწევას ალტერნატივა არ აქვს. ამისთვის საჭიროა ეფექტიანი მოლაპარაკებები, ჟენევის ფორმატის გაძლიერება და ყველა სხვა შესაძლო ფორმატის გამოყენება. ზურაბიშვილის თქმით, მეგობრობა ჩვენს ქვეყნებს შორის, რომელიც სამ ათეულ წელს ითვლის, არასდროს დამდგარა კითხვის ნიშნის ქვეშ, რადგან ეფუძნება საერთო ღირებულებებს – დემოკრატიას, კანონის უზენაესობასა და ყველაზე მთავარს – თავისუფლებას!

მაიკ პომპეოსთან შეხვედრისას პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოსა და აშშ–ს შორის არსებული თანამშრომლობა ახალ საფეხურზე გადავა და დაიწყება მოლაპარაკება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ.

„ეს მნიშვნელობა გაიზარდა რეგიონში შექმნილი ახალი ვითარების ფონზე. მშვიდობა არის უალტერნატივო, ხოლო რეგიონის ეკონომიკური და პოლიტიკური განვითარება ჩვენი საერთო ინტერესია. საქართველო ამ ინტერესის დასაცავად ამერიკისათვის კვლავ ღირსეული პარტნიორი და საიმედო საყრდენია რეგიონში.

ჩვენი ურთიერთობა გაძლიერდება სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავებით, შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებზე თანამშრომლობით და ამერიკის მიერ საქართველოს მხარდაჭერით ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. ეს ის საკითხებია, რომლებიც საქართველოს და ამერიკის საზოგადოებებში და პოლიტიკურ სპექტრში მტკიცე მხარდაჭერით სარგებლობს,”– განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ცნობისათვის, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო ვიზიტით საქართველოში იმყოფება. მან უკვე გამართა შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტთან და პრემიერ-მინისტრთან. ვიზიტის ფარგლებში გაგეგმილია შეხვედრა საქართველოს პატრიარქთან. პომპეო ასევე შეხვდება სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს. 

იტვირთბა....