ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“გულშემატკივარი იმსახურებდა ამ მატჩზე ყოფნას, მიუხედავად მძიმე შედეგისა, ეს მარცხი კარგ გამოცდილებად უნდა ვაქციოთ” – შოთა არველაძე

“გულშემატკივარი იმსახურებდა ამ მატჩზე ყოფნას და ფეხბურთელებიც იმსახურებდნენ მათ მხარდაჭერას,” – აღნიშნულ განცხადებას შოთა არველაძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს.

“მეტრონომი” შოთა არველაძის “ფეისბუქ” პოსტს უცვლელად გთავაზობთ.

“ძალიან სამწუხაროდ და ყველასთვის გულსატკენად დასრულდა მატჩი, რომელსაც 2 წელი ველოდით. თუმცა, რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ – ასეთი მნიშვნელობის მატჩი, ჯერ ამ ნაკრებს, ამ ფეხბურთელებს არ უთამაშიათ. ასეთმა წნეხმა, პასუხისმგებლობამ, ფსიქოლოგიურმა ზეწოლამ და ცარიელმა ტრიბუნებმა ფეხბურთელებზე ყველაზე მეტად იმოქმედა. ნამდვილად ვერ მოვიწონებ და ვერ დავეთანხმები გადაწყვეტილებას, სტადიონზე გულშემატკივრის არ დაშვების შესახებ. ეს ჩვენი მთავარი იარაღი უნდა ყოფილიყო. ვალდებულები ვიყავით ეს ფაქტორი ჩვენ სასიკეთოდ გამოგვეყენებინა. ამხელა ქალაქში, ამხელა სტადიონზე ამის ორგანიზება შეიძლებოდა. გულშემატკივარი იმსახურებდა ამ მატჩზე ყოფნას და ფეხბურთელებიც იმსახურებდნენ მათ მხარდაჭერას. მიუხედავად მძიმე შედეგისა, ეს მარცხი კარგ გამოცდილებად უნდა ვაქციოთ და უნდა ვცადოთ, რომ ამ რანგის მატჩები კიდევ ვითამაშოთ. არც აქამდე გავსულვართ დიდ საფეხბურთო ფორუმზე, არც ჯგუფური ეტაპი მოგვიგია და არც ფინალში გვითამაშია. ამიტომ, სწორი დასკვნები უნდა გავაკეთოთ და იმ მიზნისკენ სიარული, რომელსაც ევროპის ან მსოფლიო ჩემპიონატზე თამაში ქვია, გუშინდელი დღით არ უნდა დავასრულოთ. მოდის თაობა, რომელიც ამას მიაღწევს.”

ცნობისთვის, 12 ნოემბერს  საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა თბილისში უეფა-ს ერთა ლიგის ფინალში ჩრდილოეთ მაკედონიასთან ანგარიშით – 0:1 დამარცხდა. თამაში დინამო არენაზე გაიმართა. კორონავირუსის გავრცელების პრავანციის მიზნით გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვის გამო, მატჩი უმაყურებლოდ ჩატარდა. მიუხედავად უეფა-ს რეკომენდაციისა, საქართველოს მთავრობამ გულშემატკივარი მოედანზე არ დაუშვა.

იტვირთბა....