“გამოიყენე ანტიობიოტიკები ფრთხილად“
ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ მონაწილეობა მიიღო ანტიბიოტიკების შესახებ ინფორმირებულობის მსოფლიო კვირეულის ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე. სახელწოდებით -“გამოიყენე ანტიობიოტიკები ფრთხილად”. ღონისძიება დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში მოეწყო და მას ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე და ექიმები დაესწრნენ.
დავით სერგეენკო მოსახლეობას მოუწოდებს თვითნებურად ნუ მიიღებენ ანტიბიოტიკს. ექიმებს კი აფრთხილებს, რომ ანტიბიოტიკების არარაციონალურად დანიშვნას შესაბამისი რეაგირება მოჰყვება.
“მინდა მოვუწოდო მოსახლეობას, ჩემი უმორჩილესი სათხოვარი და ცალსახა, კატეგორიული მოწოდება იქნება, რომ თვითნებურად ნუ მიიღებენ ანტიობიტიკს. ანტიბიოტიკი არ არის სიცხის დამწევი წამალი, მას აქვს მკვლელის ფუნქცია, რომელსაც უნდა ჰქონდეს ბრძანება ვინ მოკლას და ვინ – არა. რაც შეეხება ექიმებს, ასევე უმორჩილესი სათხოვარი მექნება ჩვენი კოლეგებისადმი, რომ ძალიან მკაცრად გავაკონტროლებთ ანტიბიოტიკების არამიზნობრივად დანიშნულებას. მივმართავ ჩემს კოლეგებს, პირობას გაძლევთ, რომ ყველანაირად შეგიწყობთ ხელს, იმისათვის, რომ რაციონალური ანტიბიოტიკოთერაპია ინფორმაციულად თქვენთვის მიწვდომადი იყოს, მაგრამ ნუ გეწყინებათ თუკი ვნახავთ, რომ ანტიბიოტიკები არარაციონალურად ინიშნება, შესაბამისი რეაგირება გვექნება”, – განაცხადა დავით სერგეენკომ.