ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

„ქართული სახლის” თანამშრომლები გაიფიცნენ

„ქართული სახლის” (დელისიას) თანამშრომლები, მძიმე სამუშაო პიროებისა და ანაზღაურების დაგვიანების გამო, იფიცებიან.

პროფკავშირების ახალგაზრდული მოძრაობის ინფორმაციით, კომპანიასთან მედიაციის პროცესი პრაქტიკულად უშედეგოდ დასრულდა – სამსახურიდან გაათავისუფლეს კოლექტიური დავის მონაწილე 4 თანამშრომელი, დასაქმებულთა ნაწილი კი დააჯარიმეს ხელფასის 49%-ის ოდენობით.

„აღნიშნული კომპანიის პროდუქტს თქვენ ქართულ სუპერმარკეტებში შეხვედებით. გასაყიდი სივრცეები, ძირითადად, მოწყობილია კარფურის დარბაზებში. აქვე შეხვდებით დასაქმებულებს, რომელთა შრომაც ძალიან მძიმე, მავნე და არასაკმარისად ანაზღაურებადია. ყოველივე ამ სიმძიმეს თან ემატება დამსაქმებელთა უპასუხისმგებლობითა და სიხარბით გამოწვეული კანონის არაერთი დარღვევა და ხელფასების ჩარიცხვის თვეობით დაგვიანება.
▪️მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, აღნიშნული და სხვა პრობლემების მოსაგვარებლად, მოლაპარაკებების დაწყების მიზნით, დასაქმებულებმა და პროფკავშირებმა მიმართეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს და მოითხოვეს მედიატორის დანიშვნა.
▪️ დასაქმებულების თვითმიზანი არ ყოფილა გაფიცვა – ისინი დამსაქმებლისგან მოითხოვდნენ შრომის კანონმდებლობის მინიმალური სტანდარტების დაცვასა და ადამიანის ღირსებისთვის შესაფერის მოპყრობას. ამის ნაცვლად,
მედიაციის პროცესი პრაქტიკულად უშედეგოდ დასრულდა – შპს „ქართულმა სახლმა“ (დელისიამ) სამსახურიდან გაათავისუფლა კოლექტიური დავის მონაწილე 4 თანამშრომელი, დასაქმებულთა ნაწილი კი დააჯარიმა ხელფასის 49%-ის ოდენობით“, – აცხადებენ პროფკავშირებში.

მათივე ინფორმაციით, დასაქმებულები დღეს, 9 ნოემბერსმ, 11:00 საათზე შეიკრიბნენ აგლაძის ოფისთან, 13:00 საათზე კი აქციას გააგრძელებენ ვაჟა-ფშაველას N57-ში.

„მათი მთავარი მოთხოვნა იქნება, განთავისუფლებული თანამშრომლების სამსახურში აღდგენა, ხელფასის 49%-ის დაბრუნება და ღირსეული შრომის პირობები, ყოველგვარი უკანონო ჯარიმებისა და დანაკლისების გარეშე“.- განმარტავენ მოძრაობაში.

რაც შეეხება კომპანიის პოზიციას, „პუბლიკას“ კომპანიის იურისტმა, ლიკა ჭიკაძემ უთხრა, რომ თანამშრომლების სამსახურიდან გათავისუფლება მათ პროტესტს არ უკავშირდება.

„ხელშეკრულებები ყველა მათგანთან არის დადებული, ხელშეკრულებაში არის გარკვეული პირობები , ჯარიმაც განპირობებული იყო ხელშეკრულების პირობებით, კომპანია ხელმძღვანელობს საქართველოს შრომის კოდექსის შესაბამისად, კომპანიაში ყველა დასაქმებულს გვაქვს ერთნაირი ხელშეკრულება, გვაქვს წახალისების ფორმები, გვაქვს შვებულების განაწილების წესი, შიდაგანაწესი გვაქვს 11-გვერდიანი, შრომის ხელშკრულება გვაქვს 17-ფურცლიანი, 7-8 წელი ამ ხელშეკრულებით ვმუშაობთ.

ხელზე გავატანეთ მათ საბუთი, სადაც წერია საფუძველი; წერია კონკრეტული მუხლები, რის საფუძველზეც გათავისუფლდნენ;წერია თარიღები, როდის რაც საყვედური და დისციპლინური გადაცდომა ჰქონდათ. საბუთს გაეცნენ და ხელი მოაწერეს, იციან რაზეც არიან გათავისუფლებული. მედიაციის პირობებში კი არ გავუშვით, არღვევდა და არღვევდა ეს ადამიანი ხელშეკრულების პირობებს, რადგან მედიაციაშია ამის გამო ხომ არ გავაჩერებდით.

გათავისუფლებული თანამშრომლები აპელირებენ, რომ 2-3 დღით დაუგვიანდათ ხელფასი, არ გამოცხადდნენ სამსახურში, რითიც კომპანიას ძალიან დიდი ფინანსური ზარალი მიადგა. იმის გამო რომ 3 დღე დაუგვიანდათ ხელფასი, პროცესში ჩართეს პროფკავშირები, არ მოსულან კომპანიაში, არ დაგვლაპარაკებიან არც მე, არც ხელმძღვანელობას. ერთმნიშვნელოვნად ამბობენ, რომ აქვთ კომუნიკაციის პრობლემა, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. ჩვენ ყოველთვის მზად ვართ თანამშრომლობისთვის, აქტიურად ვთანამშრომლობდით მედიაციის პროცესშიც.

რამდენიმე ათასი ლარის ზარალი განიცადა კომპანიამ მათი თვითნებური გაფიცვის გამო. მათი უფლებაა გაიფიცონ, ჩვენი უფლებაა კომპანიის ინტერესები დავიცვათ“. – განმარტა იურისტმა.

იტვირთბა....