“TV კავკასიის” დირექტორის ნინო ჯანგირაშვილის განცხადებით, გუშინ, ცესკოსთან, როცა პირველად წყლის ჭავლი მიუშვეს მომიტინგეებს ლიდერები იქ არ ყოფილან.
მისი თქმით, არც არანაირი გაფრთხილება არ ყოფილა.
“როცა პირველად წყლის ჭავლი მიუშვეს, არანაირი ლიდერი იქ არ ყოფილა. იყო ლიდერებზე ადრე მისული ხალხი, რომელიც აგინებდა ივანიშვილს. იდგა პოლიცია და პოლიციას არავინ ერჩოდა არაფერს. გამოიყვანეს სპეცრაზმი და რა თქმა უნდა, სპეცრაზმის გამოჩენაზე უფრო მეტი მონდომებით აგინეს ივანიშვილს. ფარატინა ღობე იყო მორღვეული და დიახ, იმ ღობესაც წიხლებს ურტყამდა ხალხი, იმიტომ რომ ეზიზღებათ უკვე ქოცები მათი ღობიან–სპეცრაზმიანად, მაგრამ არავის, აბსოლუტურად არავის არსად შეჭრა არ უცდია და არც უფიქრია. ვის რაში ჭირდება თქვენი ცესკო? აქციის მონაწილეებმა შეკრეს ისევ ჯაჭვი, რომ აგრესიულად განწყობილ ნაწილს (და ამ აგრესიულედ განწყობილებისაც მესმის ძალიან კარგად, იმიტომ რომ მათზე ძალადობს სახელმწიფო) ღობის იქით გადასვლა არც ეფიქრა. თუმცა შეშინებულმა ივანიშვილმა პრევენტულად გვასხურა წყლის ჭავლი. არ ყოფილა არანაირი გაფრთხილება, არც ერთი სიტყვა. ქოცებო, თქვენ ხართ სასწრაფოდ მოსაშორებელი მავნებლები”, – წერს ჯანგირაშვილი.
შეგახსენებთ, გუშინ, ოპოზიციურმა ძალებმა თბილისში, პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია გამართა. ისინე მეათე მოწვევის საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმურობას ეჭქვეშ აყენებენ და მოქმედ მთავრობას უნდობლობას უცხადებენ.
მოგვიანებით, ოპოზიციის ლიდერებმა გადაწყვიტეს ცენტრალურის შენობისკენ გადაენაცვლათ, სადაც აქციის მხარდამჭერები ცესკოს შენობაში შესვლას ცდილობდა. ცესკო-სთან მიმდინარე აქციის მონაწილეები წყლის ჭავლის გამოყენებით ორჯერ დაშალეს. წყლის ჭავლის მეორედ გამოყენების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც აქციის მონაწილეებმა რკინის ჯებირი გაარღვიეს და შენობის ეზოში შეჭრა სცადეს.
ასევე, ცენტრალურ საარჩევნო კომისიის შენობასთან სავარაუდოდ გაზი გაუშვეს.