ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

როგორ შეიტყო დის გარდაცვალების ამბავი შატილის ტრაგედიის დროს გადარჩენილმა გოგომ

„საერთოდ არ მახსოვს 23 აგვისტო. წინა დღეც არ მახსოვდა, მაგრამ რომ გამახსენეს, როგორ ვემზადებოდით წასასვლელად, ყველაფრი ქრონოლოგიურად აღვიდგინე“, – ყვება „პრაიმტაიმთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში ხატია დევსურაშვილი, რომელიც ერთ-ერთია იმ სამ ადამიანს შორის, რომელიც შატილში მომხდარ ავტოკატასტროფას გადაურჩა… ტრაგედია 16 სხვა ახალგაზრდასთან ერთად მისი და, მედეა დევსურაშვილი ემსხვერპლა.

მძიმედ დაშავებული ხატია სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა. დის გარდაცვალების ამბავს დიდი ხნის განმავლობაში უმალავდნენ, თუმცა მოულოდნელად ლექტორმა ონლაინ-ლექციის დროს მიუსამძიმრა და…

„არც ავარიის მომენტი მახსოვს. ჩემი მეხსიერება გრძელდება სავადმყოფოს რეანიმაციიდან, სადაც თვალები რომ გავახილე, დავინახე დედა, მამა და ჩემი უმცროსი და – ლიზი და ვიკითხე, რატომ ვიყავი საავადმყოფოში და რატომ მტკიოდა სხეული, – ვინმე ხომ არ გავაბრაზე და მცემა-მეთქი? ვკითხულობდი.

ძალიან მაღიზიანებდა ის, რომ უცნაურ შეკითხვებს მისვამდნენ. რა მქვია, რამდენი წლის ვარ. ლევანი ექიმი დამანახვებდა 4 თითს და მეკითხებოდა, – ეს რამდენიაო? თურმე იმ ქვეყნიდან დავბრუნდი, სიკვდილს გამომგლიჯეს ხელიდან და ამხელა ტრავმების შემდეგ მამოწმებდნენ, მეხსიერება როგორი მქონდა, მე კი აზრზე არ ვიყავი.

მედეა რომ მოვიკითხე, მითხრეს, რომ მძიმედ იყო და სხვა კლინიკაში იწვა. დედა შავი კაბით არ მოდიოდა, რომ ვერ მივმხდარიყავი, რა ტრიალებდა ჩემს ოჯახში. მიფიქრია ხშირად, ნეტავ რამეს ხომ არ მიმალავენ-მეთქი, მაგრამ იმდენად არ მინდოდა დაჯერება, რომ მედეა გარდაიცვალა, სიმართლეს თვალს არ ვუსწორებდი. მდგომარეობიდან რომ გამოვედი, სწავლა გავაგრძელე. მოგეხსენებათ, ლექციები ონლაინ ტარდება და ვესწრები სახლიდან. პირველივე ლექციაზე ლექტორმა მომისამძიმრა და უკვე დავრწმუნდი, რომ და აღარ მყავდა. პანიკა დამეწყო, ამ დროს შინ მარტო ვიყავი და საშინელ მდგომარეობაში აღმოვჩნდი“, – ამბობს „პრაიმტაიმთან“ საუბრისას ხატია დევსურაშვილი.

წყარო: “პრაიმტაიმი”

იტვირთბა....