ჩაკ პალანიკი ყველასთვის ცნობილი რომანის, დევიდ ფინჩერის მიერ ეკრანიზებული ,,მებრძოლთა კლუბის” ავტორია და იმ მწერლების სიაში შედის, ,,ერთი წიგნის” მწერლებს რომ ეძახიან. სამწუხაროდ, ქართველი მკითხველი ამ რომანის გარდა, პალანიკის მხოლოდ რამდენიმე, საშინლად თარგმნილ მოთხრობას და ერთი-ორ ინტერვიუს იცნობს, რომელთა მოძიებაც ინტერნეტშია შესაძლებელი. არადა, ,,მებრძოლთა კლუბი” ნამდვილად არ არის საუკეთესო რომანი, რაც პოსტმოდერნისტული ლიტერატურის ერთ-ერთ ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენელს, ,,ამერიკული კონტრკულტურის მეფეს”, სატირის უბადლო ოსტატს, ათზე მეტი რომანის და ერთი ამდენი კრებულის ავტორს დაუწერია.
ამ სტატიაში, პალანიკის ჩემი ფავორიტი წიგნის, 2009 წელს გამოცემული, ,,ნიუ-იორკ თაიმსის” აზრით, ერთ-ერთი საუკეთესო ამერიკული ჯაშუშური რომანისა და ავტორის, ნამდვილად ყველაზე ორიგინალური ტექსტის, ეპისტოლარული ჟანრის ,,პიგმეის” მიმოვიხილავ.
,,პიგმეი” პალანიკის დანარჩენი რომანებისგან ორიგინალური სტილისტიკით, სატირისა და თანამედროვე ბურლესკის თავისებური სიმბიოზითა და დახვეწილი პორნოგრაფიული პასაჟებით გამოირჩევა.
,,სტუდენტების გაცვლითი პროგრამით” შენიღბული ოპერაციის ფარგლებში, 13-14 წლის დივერსანტებით დაკომპლექტებული ჯგუფი გაურკვეველი ტოტალიტარული ქვეყნიდან, ამერიკაში ჩადის. მთავარი პერსონაჟი 13 წლის, გარდატეხის ასაკის თანმდევი ჰიპერსექსუალობით აჟიტირებული ,,აგენტი 67”-ია, რომელსაც ამერიკელი სტუდენტები განსხვავებული გარეგნობის გამო ,,პიგმეის” შეარქმევენ.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, რომანი საკმაოდ ბანალურ, ეპისტოლარულ ჟანრშია შესრულებული – ყოველი თავი პიგმეის მიერ ტერორისტული ოპერაციის ხელმძღვანელისთვის მიწერილი წერილია. სწორედ ეს წერილები, თავისი მომხიბლავი სტილისტიკით, პოსტმოდერნისტული წერის მანერის საუკეთესო მაგალითებია. პატარა პიგმეის ტვინი ჰიტლერის, სტალინის, მაო ძედუნის იდეოლოგიებითა და ციტატებითაა გატენილი და ავტორიც ოსტატურად ახერხებს დიქტატურის შედეგების ჰიპერტროფირებას: ტვინგამოლაყული ბავშვები საკუთარ მშობლებს კლავენ და მზად არიან მისიის შესასრულებლად ნებისმიერი ბარიერი გადალახონ…
პიგმეი ხელჩართულ ბრძოლაში საკმაოდ გაწაფული ნევრასთენიკია და ირგვლივ მყოფების დასახიჩრებისგან თავს ძლივს იკავებს. მას ყველაფერი აღიზიანებს: ხმაური, სუნები, სხვების მიერ წარმოთქმული სიტყვები. მასპინძელი ოჯახის წევრებს ზედმეტსახელებსაც მოუფიქრებს: დედა – ,,თვალებფახულა ქათამი”, მამა – ,,მხვნეშავი ძროხა”, ძმა – ,,ღორ-ძაღლა”. ერთადერთი, ვის მიმართაც პიგმეი შედარებით ლოიალურია, მისი მასპინძელი დაა, მეტსახელად – ,,უჩინარი კატა”. პიგმეის მის მიმართ სექსუალური ლტოლვა უჩნდება, რაც მას შედარებით რბილს ხდის – ეს კი მეორე დივერსანტული ჯგუფის წევრებს დიდად არ მოსწონთ.
რომანი უნიკალურია კიდევ ერთი პუნქტის მიხედვით – ის დაწერილია ადამიანის პირით, რომელიც აზრზე არაა ინგლისური გრამატიკის, სიტყვათა წყობის, უღლების და ბრუნვის, თუმცა სამეტყველო ლექსიკონი ნებისმიერ ამერიკელ თინეიჯერზე დიდი აქვს. ეს კი რომანს საკმაოდ სახალისოს და უფრო მეტად ირონიულს ხდის.
,,პიგმეი” გატენილია ძალადობრივი, ცინიკური, ჰიპერბოლიზებული სცენებით: ჰომოსექსუალური გაუპატიურება ტუალეტში; ტერორისტებისგან დაორსულებული ნახევარი კლასი; მოწეული და ნასვამი სტუნდეტებით სავსე წვეულებაზე, მოძალადეზე შეყვარებული გაუპატიურების ერთ-ერთი მსხვერპლი, ,,სტოკჰოლმის სინდრომის” გამო ნახევარ კლასს ჩაცხრილავს; ,,ღორ-ძაღლა” და ,,უჩინარი კატა” მშობლებს ნარკოტიკებით აბრუებენ, რათა მათ ხელი არ შეუშალონ; ფინალში კი ტერორისტები არც მეტი, არც ნაკლები – მწყობრიდან გამოსული ,,მკვლელი ვიბრატორების” გამო განიცდიან მარცხს… ეს ყველაფერი კი მუსოლინის და ფროიდის ციტატების ქვეშ ხდება.
პალანიკმა შეძლო და საზოგადოებას ყოველგვარი კონფორმიზმის გარეშე დაანახა ის, რაზეც მინიმუმ ერთხელ მაინც უფიქრია ყველას, მაგრამ ხმამაღლა თქმა ვერ გაუბედავს. თავი მოუყარა ყველა იმ ნაგავს, რაც საუკუნეების განმალობაში ილექებოდა ჩვენს ტვინებში და საუკეთესო ფორმატით – თრეშ-სატირით, ჯაშუშური რომანის ნიღბით მოგვაწოდა უკვე ათასჯერ გაღეჭილი ლუკმა.
თამამად შეიძლება ითქვას – ჩაკ პალანიკმა მორიგი, ამჯერად გადამწყვეტი ტერორისტული შეტევა განახორციელა ლიტერატურაზე და კიდევ ერთხელ დაამტკიცა, თუ რამხელა ძალა შეიძლება ჰქონდეს ნამდვილ, გულწრფელ, ნონ-კონფორმისტულ ხელოვნებას, პარალელურად კი, სადღაც მიჩქმალულ, ყველასთვის შეუმჩნეველ კუნჭულში ბომბი დადო, რომელიც ნებისმიერ დროს, მისი ნებისმიერი ახალი რომანის გამოსვლისას შეიძლება აფეთქდეს.
ლაშა მილორავა