კომიკურია ის, რომ მე, ვისაც პატრიოტიზმი ლამის დაავადებად (უფრო უმწიფრობად) მიმაჩნია და მასთან გულწრფელი მეგობრობაც არ მაკავშირებს, მისკენ მინდა მოვუწოდო მათ, ვინც თავის პატრიოტობაზე მაღალი ტრიბუნიდან ყოველდღე გვიყვება და ზოგი ამას სავსებით მკაფიოდ და დამაჯერებლადაც აკეთებს.
მოკლედ, მაგრამ თავს მაინც მივცემ ამის უფლებას.
დღესაც, ისევე როგორც გუშინ, პატრიოტიზმი თავისუფლების იდეით იკვებება და მისი სახელით სულდგმულობს (იმას, რომ მე “უმწიფრობად” ვთვლი, თავისუფლების სხვადასხვა მასშტაბები განსაზღვრავს და სხვა განხილვის საგანია).
თავისუფლება ნამდვილად არ არის ყველაზე გასაგები ცნება და მასზე წვდომის სურვილი, ისევე როგორც მის გარშემო გაერთიანების სურვილიც და საბაბიც, ხშირად ამოუცნობი და შეუმჩნეველი რჩება.
თავისუფლება ინტელექტუალურ თავისებურებებს, მის მოქნილობას მოითხოვს, რასაც ჩვენთან ყოველ ნაბიჯზე ნამდვილად ვერ შეხვდები, მაგრამ ინსტინქტის დონეზეც კი შეიძლება იმის შეგრძნება როცა მთლად კისერზე შეიძლება უკვე აღარ, მაგრამ ყულფს თავისუფალ ნებაზე გაცმევენ… დღეს ჩვენ, ამ ქვეყნის მოქალაქეები, და არ გადავამეტებ თუ ვიტყვი – მათი შვილებიც და შვილიშვილებიც, ყულფჩამოცმულები ვდგავართ… ყულფჩამოცმულები, თუმცა არახელშეკრულები!..
დღეს ჩვენი ნება შეიძლება ძალადობის მსხვერპლი გახდეს… მონობა მეტს არაფერს ნიშნავს!.. ღამით დილეგში არავინ გამოგვამწყვდევს, სახედარივით არავინ გვამუშავებს და მათრახითაც არავინ დაგვსჯის, მაგრამ ვიქნებით მონები… ნებადასვრილები… ნებადახეული მონები, რომლებიც თავისუფლად გადაადგილდებიან, გადაადგილდებიან ყველა მიმართულებით, ოღონდ ყველა მიმართულებით ნებაწართმეულები გადაადგილდებიან და ეს არანაკლებ… უფრო სწორად ეს გაცილებით უფრო მეტად დამამცირებელია, ვიდრე უშუალო ძალადობა… უშუალო ძალადობა ხილული მაინც არის და პასუხგაუცემელ შეკითხვასაც არ ტოვებს.
და აი კვლავ… 1921 წლიდან ასი წლის თავზე ზუსტად იქ ვდგავართ, სადაც მაშინ… ცოტა სახეშეცვლილები, სხვანაირად ჩაცმულები, მაგრამ მთლიანობაში ისევ ისეთები… სტუმართმოყვარე, რბილი, ისევ ისეთი გაწონასწორებული, კარგი მთქმელები და გამგონეები… აზროვნების ოდნავ დაზიანებული აპარატით, რაც უდიდესწილად უკვე თანამედროვე მოდელის მსოფლიოში, მეოცე საუკუნის დიდი სისწრაფეების პირობებში შეგვემთხვა, თორემ დაპყრობილი უფრო ხანგრძლივი დროითაც ვყოფილვართ.
დღეს, 2020 წელს, ახალი “70 წელი” თუ დავიდგინეთ და დავიკანონეთ, მისგან ოდესღაც გათავისუფლებულნი აზროვნების გაცილებით უფრო მეტად დაზიანებული აპარატით გამოვალთ, ვიდრე მეოცე საუკუნის ბოლოს… თუმცა შეიძლება ეს “70 წელი” უკვე მთლად სამოცდაათიც აღარ იყოს და იყოს, დავუშვათ შვიდასი. მართვის, კონტროლის მეთოდები სულ უფრო და უფრო მეტად იხვეწება… ვეღარც “ბერდენკით” და ვეღარც “ვარდებით” არასასურველ მმართველობას პროგნოზირებად მომავალში დიდი ალბათობით ვეღარ შევცვლით და… და გავითქვიფებით დიდში!.. კი, ეს ფიზიკის ელემენტარული კანონია, ვერსად გავექცევით და საბოლოო ჯამში ამა თუ იმ ფორმით სადღაც დაგვეწევა, მაგრამ ასეთ შორეულ პერსპექტივებს ჩვენთან რა თქმა უნდა არანაირი კავშირი არ აქვს.
ჩვენთან კავშირი რასაც აქვს, ეს ჩვენი ახლობლები, ნათესავები, ჩვენი ოჯახებია… მათ მომავალზე ფიქრებს აქვს ჩვენთან კავშირი და ამ ფიქრების რეალიზების იმ პერსპექტივებს, რომლებიც პოლიტიკოსებს მივანდეთ.
პოლიტიკოსებმა დღეს ერთი რამ უნდა იცოდნენ… არა, პოლიტიკოსებს დღეს ერთი რამის უნდა სჯეროდეთ(!), კერძოდ: “ტაქტიკა” დღეს მეორეხარისხოვანი არ არის… “ტაქტიკა” დღეს არც მეასეხარისხოვანია!.. “ტაქტიკა” დღეს ზურგსუკან მუჭში მომარჯვებული ქვა არის და ის უნდა დავაგდოთ!.. დღეს დღის წესრიგში მხოლოდ სტრატეგია უნდა იყოს… დღის წესრიგის ამოსავალი წერტილი უნდა იყოს სტრატეგია!
მე მინდა მოვუწოდო (და ჩემნაირად ეს ამ ქვეყნის ასიათასობით მოქალაქეს უნდა) მათ, ვინც მძიმე… არა, უმსუბუქესი არჩევანის წინაშე დადგა: არაფერია იმაზე მეტად ძვირფასი, ვიდრე დიადში მონაწილეობა და მისი ასეთად განცდა!.. “დიადი საქმის” საბურველი აფარია ყველაფერ იმას, რაშიც მონაწილეობა დღეს გიწევთ და გადაწყვეტილებებიც შესაბამისი თუ მიიღეთ, აგიტაცებთ ეს განცდა და ისტორიის ფურცლებზე ლამაზად მოკაუჭებულ ასომთავრულ ასოებად გაგაფორმებთ… შეიგრძენით ეს და აქ ეძებეთ მოქმედებებისთვის სტარტიც და ფინიშიც!
ვასო შონია