ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“პიკი რამდენიმე კვირაში ისედაც დადგება და ეს დაბრალდება ოპოზიციის უპასუხისმგებლობას” – ზურაბ გურულის მიმართვა ოპოზიციას

ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმი, ზურაბ გურული სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რითაც ოპოზიციის ლიდერებს მიმართავს.

აღნიშნულ განცხადებას “მეტრონომი” უცვლელად გთავაზობთ:

“ოპოზიციის პატივცემულო ლიდერებო,
ქვეყანაში პანდემია მძვინვარებს, ხალხი არის დაღლილი, მშიერი და ავად. კლინიკები გადატენილია. არ არსებობს გაყინულ ქუჩებში დიდხანს დგომის არავითარი ადამიანური რესურსი. ნუ მისცემთ ე.წ. მთავრობას პანდემიის მართვის ფიასკოს თქვენზე გადმობრალების საშუალებას. პიკი რამდენიმე კვირაში ისედაც დადგება და ეს დაბრალდება ოპოზიციის უპასუხისმგებლობას. მთავრობამ უკვე დააყენა ქვეყნის ჯანდაცვის სისტემა კატასტროფის წინაშე და ერთადერთ გამოსავლად კომენდანტის საათის შემოღება დარჩა.
ჩვენ უნდა ვიყოთ უფრო პასუხისმგებლიანნი და მზრუნველნი. ვიმოქმედოთ ფრთხილად!
შეიკრიბეთ და გააფორმეთ მემორანდუმი, რომ ეს “არჩევნები” იყო არალეგიტიმური, მიმართეთ მსოფლიო თანამეგობრობას და გამოაცხადეთ ახალი არჩევნები, რომელსაც ჩაატარებს ახალი, მრავალპარტიული კონსენსუსით შექმნილი საარჩევნო კომისია.
ნუ დაუჯდებით სასაუბროდ გაკოტრებულ, ე.წ. მთავრობას! მათ უკვე დაკარგეს ხალხის სახელით საუბრის უფლება. ნუ მოუსმენთ ნურცერთ უცხოელ დიპლომატს, რომელიც ამ გაყალბებული არჩევნების აღიარებას და თქვენი პოზიციის დათმობას მოგთხოვენ. თქვენ პასუხისმგებლები ხართ საკუთარი ამომრჩევლების, საკუთარი სამშობლოსა და სინდისის წინაშე და არა რომელიმე პოლიტიკოსის ან უცხოეთის რომელიმე ქვეყნის. გაუფრთხილდით თქვენს თანამემამულეებს. უაზროდ ნუ გაიმეტებთ მათ ჯანმრთელობას.
თქვენ გაქვთ უნიკალური შანსი, რომ სამუდამოდ, ღირსეულად შეხვიდეთ თქვენი ქვეყნის ისტორიაში. ნუ დათმობთ ამას რაიმე მერკანტილურ საფასურად. გვიგულეთ თქვენს გვერდით. მოთმინებით, სიმშვიდითა და გონიერებით ჩვენ გავიმარჯვებთ”, – წერს ზურაბ გურული.

იტვირთბა....