“ევროპული საქართველოს” საარჩევნო შტაბის უფროსის, სერგი კაპანაძის განცხადებით, ზოგიერთ საარჩევნო უბანზე ბიულეტენებიდან #2 არის მოხეული ისე, რომ ამომრჩეველს არ აქვს საშუალება, ევროპულ საქართველოს ხმა მისცეს. მისივე თქმით, რამდენიმე უბანზე კომისიის წევრები ან “ქართული ოცნების” დამკვირვებლები იდგნენ ისე, რომ ენახათ, ვის ხაზავდა ესა თუ ის ამომრჩეველი.
“ვაკის 54-ე უბანსა და გურჯაანის 31-ე უბანზე: ქართული ოცნების კომისიის წევრები, როცა ბიულეტენს აძლევენ ამომრჩეველს, ისე ახევენ ბიულეტენს, 2 ნომერი [ევროპული საქართველოს საარჩევნო უბანი]მასზე არის მოხეული, მოჭრილი. ამომრჩეველს აძლევენ ბიულეტენს 2 ნომრის გარეშე. შემოგვდის ინფორმაცია, რომ მსგავსი რამ სხვა უბნებზეც ხდება. ამომრჩეველს უკარგავენ საშუალებას, შემოხაზონ 2 ნომერი”.
საარჩევნო ხმის ფარულობის დარღვევა. ჩვენ გვაქვს რამდენიმე შემთხვევა, როცა კომისიის წევრები, ან ქართული ოცნების დამკვირვებლები ურნებთან დგანან ისე, რომ ჩანდეს, როგორ არის შემოხაზული ესა თუ ის ბიულეტენი. ჩვენი წარმომადგენლები ყველა ასეთ შემთხვევაზე წერენ საჩივარს და მიუთითებენ მათ, რომ გაეცალონ ურნას. ჩვენ მოვუწოდებთ ქართულ ოცნებას, ასეთი პრაქტიკა აღკვეთოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ძალიან დიდი პრობლემა ექნება ამ არჩევნების ლეგიტიმურობას” – განცხადა სერგი კაპანაძემ.
ცნობისათვის, დღეს საპარლამენტო არჩევნები ტარდება.