ნიკა გვარამიამ ბოდიში მოიხადა
„რუსთავი 2“ კვლავ მოვლენების ეპიცენტრშია. მისმა იურიდიულმა მმართველებმა – დავით დვალმა, ჯარჯი აქიმიძემ და რევაზ საყევარიშვილმა პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს განუცხადეს, რომ კონფლიქტების თავიდან აცილების და ამ პერიოდში წარმოქმნილი ვაკუუმის შევსების მიზნით, ტელეკომპანიის დროებით მმართველად ზაალ უდუმაშვილი დაინიშნა. აღსანიშნავია, რომ თავად ზაალ უდუმაშვილს ამ დანიშვნაზე თანხმობა არ განუცხადებია, თუმცა დავით დვალმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ კანონით დოკუმენტის მისი თანხმობის გარეშე გაფორმება სავსებით შესაძლებელი იყო.
„იმისთვის, რომ შეგვევსო არსებულ პერიოდთან დაკავშირებული ვაკუუმი (ჩვენ არ შევდივართ “რუსთავი 2”-ში, მათ კი არ აქვთ მმართველობის უფლებამოსილება) თხოვნით მივმართეთ დამფუძნებლებს, გამოეყოთ პირი, ვინც მართვას თავის თავზე აიღებდა, რომ შეფერხება არ ყოფილიყო. მიუხედავად სრულიად არაადეკვატური პასუხისა, რომელიც მიმართვაზე მივიღეთ, რომ არ გვცნობენ საერთოდ, მაინც გადავდგით შემდეგი ნაბიჯი. მე ორი დღის წინ შევხვდი “რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორის მოადგილე ზაალ უდუმაშვილს, ვისაუბრეთ ამ თემაზე, ავუხსენი ჩვენი პოზიცია, რომ თუ ორივე მხარე მართლა ვართ დაინტერესებული, დაძაბულობა არ მოხდეს და მშვიდ ტემპში გაგრძელდეს ყველაფერი, მე მზად ვარ, მას გადავულოცო ჩემი უფლებამოსილება.
დღეს ეს გადაწყვეტილება ცალმხრივად განვახორციელეთ, მე და ბატონმა რეზომ ჩვენი უფლებამოსილება მივანიჭეთ ზაალ უდუმაშვილს. მას უკვე ეს უფლება მინიჭებული აქვს, რაც საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია, ანუ ზაალ უდუმაშვილს სრულფასოვნად შეუძლია, განახორციელოს დროებითი მმართველის ფუნქცია“, – უთხრა ჟურნალისტებს დავით დვალმა და დასძინა, რომ მათ „საიას“ ხელმძღვანელს, ანა ნაცვლიშვილს ამ საქმეში შუამდგომლობა სთხოვეს:
„ჩვენ მივმართავთ ყველა სხვა არასამთავრობო ორგანიზაციასაც, რადგანაც დარწმუნებულები ვართ, რომ ეს ის ხალხია, ვინც დაინტერესებული უკონფლიქტოდ, სამართლებრივი გზით, მშვიდად და წყნარად ჩატარდეს ეს დავა და კითხვის ნიშნები არ დარჩეს“ – თქვა ჯარჯი აქიმიძემ.
რაც შეეხება თამაზ ურთმელიძის საკამათო განჩინებას, დავით დვალმა მისი გამოტანის აუცილებლობა ტელეკომპანიის ქონების დაცვის მიზნით ახსნა. მან განაცხადა, რომ დადასტურებული ინფორმაცია ამჟამინდელი ფაქტობრივი მმართველების განზრახვის თაობაზე, ტელევიზიიდან წასვლამდე დაეზიანებინათ „რუსთავი 2“-ის კუთვნილი ქონება – აპარატურა და ასე შემდეგ.
„ჩემი აზრითაც, საკმაოდ ნაჩქარევად იქნა მიღებული. – განაცხადა დვალმა – ფორმულირებებმა, რომელიც მასშია დაფიქსირებული, საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია და მეც ვიზიარებ, რომ საკამათო პუნქტებია ამ დადგენილებაში. ასე რომ, ამ საკითხში, ძალიან უცნაურია, მაგრამ ჩვენ და “რუსთავი 2″ ერთიანები ვართ”.
საპასუხოდ გამართულ პრესკონფერენციაზე ზაალ უდუმაშვილმა საჯაროდ თქვა უარი შემოთავაზებულ პოზიციაზე და განაცხადა, რომ დოკუმენტი მისი ხელმოწერის გარეშე რეესტრში ვერ გატარდებოდა, შესაბამისად უკანონო უნდა იყოს:
„მაინტერესებს როგორ გატარდა საჯარო რეესტრში იმ ვალდებულებების დოკუმენტი, რომელიც მე დამაკისრა დავით დვალმა და რევაზ საყევარიშვილმა ისე, რომ მასზე ჩემი ხელმოწერა არ იყო? მე გავიარე იურისტებთან კონსულტაცია და ვიცი, რომ ჩემი თანხმობისა და ხელმოწერის გარეშე ამ დოკუმენტის გატარება არ შეიძლებოდა. შესაბამისად, ეს დოკუმენტი არის უკანონო. მე ვარ “რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე და მაქვს კონკრეტული ფუნქციები. ვხელმძღვანელობ არხის საინფორმაციო პოლიტიკას. მე არ ვარ გამოცდილებით ფინანსისტი და ვერც ავიღებ ამ ვალდებულებას ჩემ თავზე ვერასოდეს, ვინაიდან ამას შესაბამისი კვალიფიკაცია და გამოცდილება სჭირდება“ -განუცხადა ჟურნალისტებს ზაალ უდუმაშვილმა.
ვალდებულებების დოკუმენტზე კომეტარი გააკეთა ნიკა გვარამიამაც: „მიუხედავად იმისა, რომ ძალიან სამარცხვინოდ სცადეთ, ვერ გადააკისრებთ თქვენს მოვალეობებს სხვა ადამიანს. იმავე განჩინებით, რომლითაც თქვენ დაინიშნეთ, აღნიშნულია, რომ მთელი თქვენი ქონებით აგებთ პასუხს ყველაფერზე, რაც “რუსთავი2”-ში ხდება. ძალიან სამარცხვინოთ სცადეთ ეს – ადამიანის მონაწილეობის გარეშე ისეთი პასუხისმგებლობა დააკისრეთ მას, რომლის შეუსრულებლობა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას იწვევს“.
„მეტრონომი“ დოკუმენტის სავარაუდო უკანონობის თაობაზე იურისტ შალვა შავგულიძეს დაუკავშირდა, რომელმაც გვითხრა, რომ საქმის არსს ძალიან ზოგადად იცნობს, თუმცა შრომითი ვალდებულების დაკისრება დაუშვებელია, თუ ამაზე არ არის იმ პირის თანხმობა, ვისაც ვალდებულებას აკისრებენ.
მოგვიანებით გაირკვა, რომ ლაპარაკია მინდობილობაზე, რომელიც შეიძლება ცალმხრივად მომზადდეს და მას მეორე მხარის თანხმობა არ სჭირდება. ამის გამო, საქართველოს ნოტარიუსთა პალატამ ნიკა გვარამიასგან საჯაროდ ბოდიშის მოხდა მოითხოვა. მოგვიანებით გვარამიამ მართლაც მოიხადა ბოდიში და თავისი განცხადება განმარტა:
„მე მინდა ბოდიში მოვიხადო და უკან წავიღო ჩემი სიტყვები. დროის სიმცირის გამო ვერ მოვახერხეთ გადამოწმება რეგისტრირებული იყო ეს ყველაფერი თუ არა. ყოველ შემთხვევაში საიტზე არ ჩანს. იმედს ვიტოვებ, რომ არ ჩანს იმიტომ, რომ ის არ არის რეგისტრირებული. ჯერჯერობით არ არის რეგისტრირებული და იმედია არც მოხდება. კიდევ ერთხელ უკან მიმაქვს ჩემი სიტყვები და ეს ობიექტური მიზეზებით იყო გამოწვეული“ – განაცხადა გვარამიამ.
შეგახსენებთ, რომ ამის შემდეგ ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა, რომ ის არ არის თანახმა შეთავაზებაზე და მოუწოდა დროებით მმართველებს ნაკისრი ვალდებულებები თუნდაც დისტანციურად შეასრულონ.
შეგახსენებთ, რომ ამჟამად, სასამართლო დავის პარალელურად, “რუსთავი 2”-თან ტელეკომპანიის მხარდამჭერების პერმანენტული აქცია მიმდინარეობს.
აღსანიშნავია, რომ მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, სანოტარო ბიურო, სადაც დროებითმა მმართველებმა ზაალ უდუმაშვილის სახელზე მინდობილობა დაამოწმეს დაიკეტა. გენერალური დირექტორის მოადგილე ნოტარიუსთან მისვლას გეგმავდა, თუმცა გადამღები ჯგუფის გამოჩენისას ბიურომ სამუშაო დღის დასრულებამდე თითქმის საათნახევრის ადრე მუშაობა შეწყვიტა.