ინტერვიუ მედია მთავარი პოლიტიკა

“მე ვიღაცამ ალმაცერად რომ შემომხედოს, Freedom House-მა ამაზეც უნდა მისცეს რეაქცია”

გუგული მაღრაძე აცხადებს, რომ საერთაშორისო საზოგადოება ძალიან კრიტიკული არ არის

დღეს ქვეყანაში ისევ აქტუალურია  ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მფლობელებს შორის დავა, საქალაქო სასამართლოს  მოსამართლე თამაზ ურთმელიძის გადაწყვეტილება და საერთაშორისო საზოგადოების კრიტიკული განცხადებები. ამ და სხვა საკითხებზე სასაუბროდ „მეტრონომი“  საქართველოს პარლამენტის წევრ გუგული მაღრაძეს დაუკავშირდა.

„მეტრონომი“:  ქვეყანაში მოსამართლე ურთმელიძის გადაწყვეტილება ისევ ძალიან აქტუალურია. თქვენ როგორ აფასებთ მოსამართლის ამ გადაწყვეტილებას.

გუგული მაღრაძე: „საერთოდ არ არის საჭირო მოსამართლის გადაწყვეტილებების შეფასება დავიწყოთ ჩვენ. მიმაჩნია, რომ ეს არის სასამართლოს პრეროგატივა. თუ ურთმელიძეს რამე სწორად არ აქვს გაკეთებული ამისთვის არსებობს სააპელაციო სასამართლო და თვითონ მოსამართლეებმა უნდა იმსჯელონ ამის შესახებ. როდესაც ყველაფერი გაირკვევა, მერე შეიძლება რაღაცა შეფასებები იყოს. სანამ პროცესი არ არის  დამთავრებული მიმაჩნია, რომ  საზოგადოება ასეთი ტიპის შეფასებებს არ უნდა აკეთებდეს.

–  საერთაშორისო საზოგადოება ხელისუფლების მიმართ ძალიან კრიტიკულია. საქართველოში ევროკავშირის სახელმწიფოების ელჩებმა განცხადება გაავრცელეს, სადაც გააკრიტიკეს ურთმელიძის აღნიშნული გადაწყვეტილება და დროებითი მმართველის დანიშვნა. კრიტიკული განცხადება გაავრცელა ასევე ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა,  Freedom  House – მა და სხვა. თქვენ როგორ ფიქრობთ რამდენად საფუძვლიანია მათი კრიტიკა?

– „ არ არის ძალიან კრიტიკული. მე გუშინ შევხვდი ევროკომისარ ფედერიკა მოგერინს. ის არის ევროკომისარი და ზუსტად მას ეხება ესეთი საკითხები, მან თქვა, რომ საქართველო კარგად ასრულებს თავის მოვალეობებს ვიზალიბერალიზაციაზე. ახლა მოდით რა, „რუსთავი 2“ -ის პრობლემა არ არის ის პრობლემა, რომ მაგის გამო საქართველოში  რაც ხდება, არ შეაფასონ დადებითად.

„რუსთავი 2“ არის ერთი რაღაცა პატარა ეპიზოდი, სადაც არის გაუგებრობა იმის გამო, რომ ძველ მფლობელს არ უნდა დათმოს და ახალ მფლობელს გადასცეს ტელევიზია, მეტი არაფერი. ეს ყველაფერი არის ქარიშხალი ჭიქა წყალში. ახლა ვიღაცა იტყვის რომ არის ასე, ვიღაცა იტყვის ასე. მთავარია, რომ გენერალური ხაზი რაზეც ქვეყანა მიდის არის ძალიან დადებითად შეფასებული იმ საგარეო უწყებების მიერ, რომელთაც ეხებათ ჩვენი შეფასება. ახლა, ინდივიდუალურად შეუძლიათ რაღაც აზრები გამოთქვან.

– Freedom House -ის განცხადებაზე რას იტყვით ქალბატონო გუგული. მათი განცხადება საკმაოდ კრიტიკულია…

„Freedom House მაგისთვის არის, მან უნდა ილაპარაკოს. მე  ვიღაცამ ალმაცერად რომ შემომხედოს Freedom House-მა ამაზეც უნდა მისცეს რეაქცია. ეს არის არასამთავრობო ორგანიზაცია, უბრალოდ გავლენის მქონე ორგანიზაცია, რომელიც აფასებს რამდენად არის თავისუფალების ხარისხი ქვეყანაში. ჩვენ Freedom House -ის შეფასებებს ვაქცევთ ყურადღებას. არ ვგავართ წინა ხელისუფლებას, რომელიც ყველაფერს მალავდა. ახლა ყველა მათი შეფასება აბსოლუტურად ღიაა. ჩვენ წავიკითხავთ  Freedom House-ის განცხადებას მივიღებთ მხედველობაში რაც მისაღებია და არ  მივიღებთ იმას, რაც მიუღებელია. მიმაჩნია, რომ სასამართლო პროცესი როცა ჯერ კიდევ  მიმდინარეობს, მის შესახებ რაღაც აზრების გამოთქმა მიზანშეწონილი არ არის.

–  არსებობს საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება. როგორ წარმოგიდგენიათ თქვენ პრაქტიკული აღსრულების პროცესი, როცა ნიკა გვარამია  და მისი მხარდამჭერები ტელევიზიის დატოვებას არ აპირებენ. თქვენი აზრით, როგორ განვითარდება მოვლენები?

– „სახელმწიფოში არსებობს აღსრულების კანონი და კანონის შესაბამისად უნდა იყოს ყველაფერი. მე არ ვმსჯელობ ამის შესახებ. ეს არის სასამართლოს პრეროგატივა.

 

მარიამ  ვარადაშვილი

 

იტვირთბა....