ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“ვრცელდება დეზინფორმაცია” – თავდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

თავდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს, სენაკის ბაზაზე მიმდინარეობს ბანკზე თავდასხმისას აყვანილი ერთ-ერთი მძევლის, დავით ხვიბლიანის წამება, დეზინფორმაციაა.

„ნაციონალური მოძრაობის“ პარტიული ტელევიზიის „მთავარი არხის“ დირექტორის, ნიკა გვარამიას მიერ გრძელდება ცილისმწამებლური და ღირსების შემლახავი კამპანია მთლიანად საქართველოს თავდაცვის ძალების და მისი ერთ-ერთი სამხედრო მოსამსახურის, დავით ხვიბლიანის მიმართ.

კერძოდ, მის მიერ გავრცელებული დეზინფორმაციის თანახმად, სენაკის ბაზაზე მიმდინარეობს ზუგდიდში, ერთ-ერთი ბანკის ფილიალზე განხორციელებულ თავდასხმისას მძევლად აყვანილი ერთ-ერთი პირის, დავით ხვიბლიანის წამება და თავისუფლების უკანონო აღკვეთა.

საზოგადოებას ვაცნობებთ, რომ აღნიშნული სამხედრო მოსამსახურე ამ დროისთვის იმყოფება მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე, საკუთარ საცხოვრებელ სახლში და მასზე გავრცელებული შეურაცხმყოფელი განცხადებებისა და ცილისწამების გამო, როგორც ჩვენთვის ცნობილია, გეგმავს მიმართოს სასამართლოს.

სამართლებრივ დავას უსაფუძვლო ბრალდებებისა და ცილისწამების გამო, კიდევ ერთი სამხედრო მოსამსახურე, თემურ ხვიბლიანი გეგმავს. პარტიულმა ტელევიზია „მთავარმა არხმა“, 22 ოქტომბერს მომზადებულ სიუჟეტში, თემურ ხვიბლიანი თავდამსხმელად დაასახელა. დავით და თემურ ხვიბლიანების მხრიდან სამართლებრივი დავის დაწყების შემთხვევაში, თავდაცვის სამინისტრო უზრუნველყოფს მათ მხარდაჭერას კანონმდებლობით გათვალისწინებულ ფარგლებში.

გავრცელებული ბრალდებები არის ყოვლად წარმოუდგენელი, მიზანმიმართული სიცრუე და თავდაცვის ძალების ავტორიტეტისა და იმიჯის დისკრედიტაციის მორიგი უშედეგო მცდელობა. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ნათლად აჩვენებს, თუ რამდენად უმნიშვნელოა „ნაციონალური მოძრაობისთვის“ და მასთან დაკავშირებული მედიისთვის, ადამიანის პირადი ღირსება და უდანაშაულობის პრეზუმფციის დაცვა“ – აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

იტვირთბა....