„თქვენ ახლა წარმოიდგინეთ, რამდენიმე ტერორისტი რომ შევარდნილიყო იქ და მართლა ტერაქტი განხორციელებულიყო… დაუჯერებელია, რომ ადამიანი, რომელიც ხელის გულზე ჰყავდათ, ასე უბრალოდ დაეკარგათ საქართველოში, ეს არის სუპერნულოვანი პროფესიონალიზმის შედეგი, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, მივცეთ მათ 24 ან 48 საათი იმისათვის, რომ გვაჩვენონ, რა შეუძლიათ“.
თინა ხიდაშელი, თავდაცვის ყოფილი მინისტრი
„პალიტრანიუსის“ ეთერი
ცნობისათვის, 21 ოქტომბერს, “საქართველოს ბანკის” ზუგდიდის ფილიალში შეიარღებული პირი შეიჭრა და მძევლად 43 ადამიანი აიყვანა. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია, გარკვეული პერიოდით, ჯავშანტექნიკაც.
თავდამსხმელი ვერტმფრენს, უსაფრთხოების კორიდორსა და 500 000 დოლარს ითხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში მძევლების დახოცვით იმუქრებოდა. გვიან ღამით გამტაცებელმა სამ მძევალთან და 500 000 დოლართან ერთად დატოვა შენობა. სამივე მძევალი მან გამთენიისას გაათავისუფლა და მიიმალა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ჩატარებული სპეციალური საპოლიციო ღონისძიების შედეგად, ყველა მძევალი გათავისუფლებულია, მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. უწყების ცნობით, სამართალდამცველები ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებენ ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებებს დამნაშავის დაკავების მიზნით.