„ბოროტმოქმედს დანაშაული გაუვიდა, ესენი კი ბედავენ და ტალახს ისვრიან, ეს არის კრიმინალურ სამყაროსთან შეკვრა, მათი გაძლიერება, პოლიციის დასუსტება. აი, ამაზეა საუბარი და ეს ხალხი ბედავს დღეს და ტალახს ისვრის, გუშინ კიდევ მძევლის დემონიზებას ახდენდნენ, იმის ნაცვლად, რომ შეშფოთებულები იყვნენ თვითონ ამ ფაქტით, რომ ასეთი თავხედური და ამაზრზენი დანაშაული ჯერჯერობით წარმატებით გაუვიდა ბოროტმოქმედს“.
გიგა ბოკერია, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი
ცნობისათვის, 21 ოქტომბერს, “საქართველოს ბანკის” ზუგდიდის ფილიალში შეიარღებული პირი შეიჭრა და მძევლად 43 ადამიანი აიყვანა. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია, გარკვეული პერიოდით, ჯავშანტექნიკაც.
თავდამსხმელი ვერტმფრენს, უსაფრთხოების კორიდორსა და 500 000 დოლარს ითხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში მძევლების დახოცვით იმუქრებოდა. გვიან ღამით გამტაცებელმა სამ მძევალთან და 500 000 დოლართან ერთად დატოვა შენობა. სამივე მძევალი მან გამთენიისას გაათავისუფლა და მიიმალა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ჩატარებული სპეციალური საპოლიციო ღონისძიების შედეგად, ყველა მძევალი გათავისუფლებულია, მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. უწყების ცნობით, სამართალდამცველები ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებენ ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებებს დამნაშავის დაკავების მიზნით.