“ის, რომ არავინ დაშავდა, ამ ყველაფრის კარგი მხარეა და დასაფასებელია. არავინ არ თქვას, რომ ეგეთ სიტუაციაში მარტივი ამოცანაა. ამასთანავე, ქვეყნისთვის ძალიან მძიმეა, როცა ტერორისტისთვის, თუ ყაჩაღისთვის, თუ რაც ჰქვია, მისთვის წარმატებულად სრულდება [თავდასხმა], ეს სახელმწიფოს სისუსტეზე მეტყველებს”.
ელენე ხოშტარია, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი
ცნობისათვის, 21 ოქტომბერს, “საქართველოს ბანკის” ზუგდიდის ფილიალში შეიარღებული პირი შეიჭრა და მძევლად 43 ადამიანი აიყვანა. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია, გარკვეული პერიოდით, ჯავშანტექნიკაც.
თავდამსხმელი ვერტმფრენს, უსაფრთხოების კორიდორსა და 500 000 დოლარს ითხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში მძევლების დახოცვით იმუქრებოდა. გვიან ღამით გამტაცებელმა სამ მძევალთან და 500 000 დოლართან ერთად დატოვა შენობა. სამივე მძევალი მან გამთენიისას გაათავისუფლა და მიიმალა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ჩატარებული სპეციალური საპოლიციო ღონისძიების შედეგად, ყველა მძევალი გათავისუფლებულია, მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. უწყების ცნობით, სამართალდამცველები ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებენ ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებებს დამნაშავის დაკავების მიზნით.