“უამრავი პოლიტიკური სვავი ხეზე შემომჯდარი ელოდება, როდის დაიღვრება სისხლი, რომ დაეწაფოს და ეს როგორმე განავითაროს თავისი პოლიტიკური მიზნების სტრატეგიული მიმართულების შესაბამისად.”
გია ვოლსკი – პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი
ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა, რითაც ზუგდიდში მომხდარ ყაჩაღობის ფაქტს გამოეხმაურა.
ცნობისათვის, 21 ოქტომბერს, “საქართველოს ბანკის” ზუგდიდის ფილიალში შეიარღებული პირი შევიდა და მძევლად 43 ადამიანი აიყვანა. ის ვერტმფრენს, უსაფრთხოების კორიდორსა და 500 000 დოლარს ითხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში მძევლების დახოცვით იმუქრებოდა. გვიან ღამით გამტაცებელმა სამ მძევალთან და 500 000 დოლართან ერთად დატოვა შენობა. სამივე მძევალი მან გამთენიისას გაათავისუფლა და მიიმალა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ჩატარებული სპეციალური საპოლიციო ღონისძიების შედეგად, ყველა მძევალი გათავისუფლებულია, მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. უწყების ცნობით, სამართალდამცველები ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებენ ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებებს დამნაშავის დაკავების მიზნით.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, 236-ე და 144-ე მუხლებით დაიწყო.