ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“მთავრობა ცდილობს, საავადმყოფოები გამოიყენოს მძიმე პაციენტებისთვის” – ნათია მეზვრიშვილი

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის, ნათია მეზვრიშვილის თქმით, მთავრობა მაქსიმალურად ცდილობს, რომ საავადმყოფოები გამოიყენოს მძიმე და ქრონიკული დაავადების მქონე ინფიცირებულებისთვის. ამის შესახებ მან უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა.

„კოვიდინფიცირებულების მკურნალობა კლინიკური მართვის ახალი მოდელის მიხედვით, გრძელდება ბინაზე და კოვიდსასტუმროებში. ამ საკითხთან დაკავშირებით კითხვები დაისვა ბოლო დღეების განმავლობაში და ცალსახად გვინდა განვაცხადოთ, რომ როგორც ბინაზე, ისე კოვიდსასტუმროებში ამ ადამიანებს ზედამხედველობენ ექიმები, ბინაზე და სასტუმროში მკურნალობა არ ნიშნავს იმას, რომ ეს ადამიანები ექიმების მეთვალყურეობის გარეშე არიან დატოვებულები.

რაც შეეხება იმას, თუ ვინ მკურნალობს საავადმყოფოში, ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ საავადმყოფოები გამოვიყენოთ მძიმე და ქრონიკული დაავადების მქონე ინფიცირებულებისთვის და იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ასაკში არიან და ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება საავადმყოფოში მკურნალობა. ზოგადად უნდა ითქვას, რომ ინფიცირებულთა მაჩვენებლის ზრდა არის და ეს ზრდა გაგრძელდება ჩვენთანაც, ისევე, როგორც მთელ მსოფლიოში და ჩვენ ვაგრძელებთ მართვის პროცესს, მათ შორის, კლინიკური მართვის ახალი მოდელის მიხედვით“ – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

ცნობისათვის, გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსით 14 პაციენტი გარდაიცვალა. ქვეყნის მასშტაბით ჯამში ვირუსით 172 ადამიანია დაღუპული. ამასთან, ქვეყანაში კორონავირუსის 1351 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ქვეყნის მასშტაბით ინფიცირებულია 21 208-ს ადამიანი. აქედან გამოჯანმრთელებულია 9003 ადამიანი.

იტვირთბა....