(ფოტო)რეპორტაჟი რუსთავი 2-ის კარვების ეზოდან
„რუსთავი 2“-ის შენობასთან ტელეკომპანიის მხარდამჭერთა აქცია გრძელდება. აქციის მონაწილეები სანდრო ეულის ქუჩაზე გაშლილ ხუთ კარავში 24-საათის განმავლობაში მორიგეობენ.
მათი უმეტესობა ნაციონალური მოძრაობის თბილისის და რეგიონული წარმომადგენლობიდანაა.
თუმცა თითქმის არავინაა იმ საზოგადოებრივი საბჭოს წევრებიდან, რომლის შექმნა ფეისბუქზე ცოტა ხნის წინ დააანონსა ტაბულას მთავარმა რედაქტორმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა.
კარვებში გასაშლელი საწოლები და აუცილებელი მოხმარების ნივთებია, თუმცა „მეტრონომის“ ფოტოკორესპონდეტს შიგნით გადაღების უფლება არ მისცეს. კარავში მყოფებმა ჩვენთან გასაუბრებაზეც უარი განაცხადეს და კარისკენ მიგვითითეს.
გაცილებით კეთილგანწყობილები აღმოჩდნენ აქციის სხვა მონაწილეები – კარვებთან სკამებზე მსხდარი ნაციონალური მოძრაობის წევრი გორელი ქალბატონები და ფოტოც გადაგვაღებინეს.
აქვე მაგიდაც დგას, სადაც ტელეკომპანიის მხარდაჭერებს ცხელი ყავის ან ჩაის დალევა შეუძლიათ.
პერმანენტული აქცია კარგად ორგანიზებულის შთაბეჭდილებას ტოვებს. აქ შეკრებილები ამბობენ, რომ იმდენ ხანს იქნებიან აქ და დაიცავენ ტელეკომპანიას, რამდენ ხანსაც ამის საჭიროება იქნება.
„მეტრონომი“ ორგანიზაცია „საქართველო არ იყიდება“-ს დამფუძნებელს, გიგა ნასარიძეს გაესაუბრა, რომელიც აქციის წევრებს შორის იმყოფებოდა:
„აქცია მანამდე გაგრძელდება, სანამ ხელისუფლება გონს არ მოეგება. – თქვა ნასარიძემ ჩვენთან საუბარში – ამას შეიძლება ძალიან დიდი ხანი დასჭირდეს, მაგრამ ეჭვი მაქვს, რომ ხალხი არ დაიღლება – ეს ადამიანები, ვინც აქ ყოველდღე მოდის, ღამეს ათენებს, მორიგეობს – ისინი არ დაიღლებიან და სანამ ხელისუფლება გონს არ მოეგება და არ გადაწყვეტს, რომ არ შეიძლება სიტყვის თავისუფლების ჩახშობა, მანამდე ეს ხალხი აქ იდგება და მეც მათთან ერთად. ახლა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ველოდებით, მერე ალბათ სააპელაციო იქნება, მაგრამ ჩვენი ხელისუფლენა ისეთ მოულოდნელ და ალოგიკურ გადაწყვეტილებებს იღებს ხოლმე, რომ შეიძლება უცებ, ნებისმიერ მომენტში თქვას, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ გვაინტერესებსო და აქ ქიბარ ხალვაში შემოვიდეს – უფრო სწორად, დააპიროს, თორემ არამგონია შეძლოს“. – განუცხადა გიგა ნასარიძემ „მეტრონომის“ კორესპონდენტს.