ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“მომავალში სომეხმა და აზერბაიჯანელმა ხალხებმა მშვიდობიანად და ერთად უნდა იცხოვრონ მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე” – ალიევი

აზერბაიჯანი მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობას არავითარ შემთხვევაში არ დასთანხმდება – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა განაცხადა.

მისივე თქმით, მომავალში სომეხმა და აზერბაიჯანელმა ხალხებმა მშვიდობიანად და ერთად უნდა იცხოვრონ მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე.

„ჩვენ ეს ძალიან მკაფიოდ განვაცხადეთ და ეს კარგად იციან მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებმა: -აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, აზერბაიჯანი მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობას არავითარ შემთხვევაში არ დასთანხმდება.

მომავალში სომეხმა და აზერბაიჯანელმა ხალხებმა მშვიდობიანად და ერთად უნდა იცხოვრონ მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე. სხვათა შორის, ეს ასე ხდება აზერბაიჯანის სხვა დასახლებებში, მათ შორის ბაქოში. ასევე ხდება რუსეთში, საქართველოსა და სხვა ქვეყნებში, სადაც სომხები და აზერბაიჯანელები ზოგჯერ ერთსა და იმავე სოფელში ცხოვრობენ და მუშაობენ და მათ შორის არანაირი წინააღმდეგობა არ არსებობს. რატომ არ შეიძლება ამის მიღწევა აქ? ჩვენ ამის ერთგულები ვართ, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეთნიკური წმენდის შედეგები უნდა აღმოიფხვრას და ყველა ჩვენი იძულებით გადაადგილებული პირი უნდა დაბრუნდეს საკუთარ სახლებში,” – განაცხადა ალიევმა.

შეგახსენებთ, მთიან ყარაბაღში სომეხ და აზერბაიჯანელ სამხედროებს შორის შეიარაღებული დაპირისპირება 27 სექტემბერს დაიწყო. ცეცხლის გახსნაში მხარეები ბრალს ერთმანეთს სდებენ.

თავდაპირველად სომხეთის მთავრობამ ქვეყანაში საომარი მდგომარეობა და საყოველთაო მობილიზაცია გამოაცხადა. აზერბაიჯანის მთავრობამ კი სომხეთს განუმარტა, რომ სომხეთის ქმედებებს უპასუხოდა არ დატოვებდა და მოგვიანებით აზერბაიჯანმა სამხედრო მდგომარეობა მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოაცხადა.

9 ოქტომბერს მოსკოვში გამართული მოლაპარაკების შემდეგ აზერბაიჯანი და სომხეთი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმდნენ, თუმცა რამდენიმე საათში მხარეებმა ერთმანეთი შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულეს.

იტვირთბა....