ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“ღარიბაშვილმა თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ, ადეიშვილის და მერაბიშვილის ზონდერპოლიციელები დააწინაურა ” – ლევან გოგიჩაიშვილი

თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, რომელმაც დავით გარეჯის საკითხზე საუბრისას ოპოზიციას მოღალატე უწოდა, პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილი ეხმაურება.

გოგიჩაიშვილის განცხადებით, „ფრაქცია- დამოუკიდებელ დეპუტატებს” გარეჯის საკითხთან მიმართებით კითხვები ყოველთვის ჰქონდა.

მისივე თქმით, სამჯერ მისწერეს წერილი საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს, „მაგრამ მან არ იკადრა პარლამენტში მისვლა”.

„ვფიქრობდით, რომ პროცესი საპარლამენტო გზით უნდა წაგვეყვანა და ამ საკითხისთვის ნათელი მოგვეფინა. ვფიქრობ, რომ წინა ხელისუფლებას დაცული არ აქვს სახელმწიფო ინტერესი და სახელმწიფო ინტერესების იგნორიდან გამომდინარე ჩვენ ვართ ამ პოლიტიკურ მოცემულობაში. რაც შეეხება ზოგადად პროცესს, ზუსტად ეს პროკურორი გვიკითხავდა ჩვენ ბრალდებებს, ასევე ზუსტად ეს პროკურორები იყვნენ სააკაშვილის პერიოდში. კოლექტიურ სააკაშვილებზე რომ საუბრობს მექრთამე ღარიბაშვილი, ჩემი აზრით, ერთ-ერთი კორუმპირებული პრემიერ-მინისტრი, რომელიც სახელმწიფოს ჰყოლია, როცა დაინიშნა პირველი რაც გააკეთა იყო ის, რომ დააწინაურა ადეიშვილის და მერაბიშვილის ზონდერპოლიციელები. მე მახსოვს სამმართველოში დალაქიშვილის დაწინაურება, რომელიც იყო ზურა ვაზაგაშვილის მკვლელობის ერთ-ერთი ორგანიზატორი. დღეს, ამ პროცესის ასე წარმართვა ვფიქრობ, პოლიტიკური თვალსაზრისით აზიანებს ამ პროცესს. ამ საკითხზე პროკურორების ენით კი არ უნდა დაეწყოთ მსჯელობა, ჩვენ ამის დრო გვქონდა და საპარლამენტო კომისიებით შეგვეძლო ეს პროცესი სწორად წაგვეყვანა”, – განაცხადა გოგიჩაიშვილმა.

შეგახსენებთ, გუშინ, თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა “ტვ იმედის” ეთერში დავით გარეჯის საკითხთან დაკავშირებით ისაუბრა, სადაც მინისტრმა აღნიშნა, რომ დავით გარეჯი საკითხზე საქმე გვაქვს სახელმწიფოს ღალატთან, უდიდეს დანაშაულთან, რასაც სახელმწიფო ტერიტორიების გადაცემის მცდელობა ჰქვია.

ცნობისთვის,  7 ოქტომბერს პროკურატურამ დავით გარეჯის საქმეზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში საქართველო-აზერბაიჯანის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ყოფილი თავმჯდომარე ივერი მელაშვილი და კომისიის წევრი ნატალია ილიჩოვა დააკავა.

იტვირთბა....