ე.წ კარტოგრაფების საქმეზე, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ზურაბ ნოღაიდელმა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ ჩვენება მისცა.
აღნიშნულის შესახებ, დაკავებული ნატალია ილიჩოვას ადვოკატმა, ნესტან ლონდარიძემ განაცხადა.
ადვოკატის თქმით, ნოღაიდელი კონკრეტულ და ხელშესახებ ინფორმაციას არ იძლევა და მეტიც, მას საერთოდ არ ჰყავს ნახსენები ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა.
როგორც ლონდარიძე ამბობს, ყოფილი ზურაბ ნოღაიდელი ვერ იხსენებს სადემარკაციო კომისიის წევრების ვინაობას და ამბობს, რომ ის კომისიაში ფორმალურად იყო, სინამდვილეში კი ერთპიროვნულ გადაწყვეტილებას პრეზიდენტი იღებდა.
გარდა ამისა, ნესტან ლონდარიძის ინფორმაციით, გამოძიების საქმის მასალებში არ დევს წერილი, რომელიც ნოღაიდელმა მის აზერბაიჯანელ კოლეგას მისწერა. არსებული ინფორმაციით, ნოღაიდელი წერდა, რომ დავითგარეჯის ის ძეგლები, რომელიც აზერბაიჯანის ტერიტორიაზეა, სავალალო მდგომარეობაშია და სასწრაფოდ აღდგენას საჭიროებდა.
ცნობისთვის, დავით გარეჯის საკითხთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, პროკურატურაში საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი გამოკითხეს.
ზურაბ ნოღაიდელი საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობას 2005 წლის თებერვლიდან 2007 წლის ნოემბრამდე იკავებდა.
შეგახსენებთ, რომ 7 ოქტომბერს პროკურატურამ დავით გარეჯის საქმეზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში საქართველო-აზერბაიჯანის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ყოფილი თავმჯდომარე ივერი მელაშვილი და კომისიის წევრი ნატალია ილიჩოვა დააკავა. ხოლო, 8 ოქტომბერს ბრალდებულებს 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
პროკურატურის განცხადებით, ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემული რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, რაც არსებითად ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს, მათ შორის დავით გარეჯთან მიმართებაში.