პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მმართველ გუნდს მოუწოდებს,ნუ ჩაიკეტება საკუთარ თავში, თავი შეიკავოს არადიპლომატიური გამონათქვამებისგან და სიტუაციის შეფასებისას ნუ შემოიფარგლება მხოლოდ ფორმალური განცხადებით. ამის შესახებ მარგველაშვილი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
“რუსთავი 2″-ის საქმის ირგვლივ ორი კვირის წინ შექმნილი დაძაბული ვითარება საზოგადოების ყველა სეგმენტის აქტიურობით განიმუხტა. თუმცა დღეს ისევ რთული გარემოების წინაშე აღმოვჩნდით, რაც ქვეყნის დემოკრატიულ იმიჯს და საერთაშორისო რეპუტაციას აზარალებს. ამ შეფასებებში ერთიანია საზოგადოება, არასამთავრობო სექტორი, დიპლომატები, პოლიტიკოსები, სახალხო დამცველი, პოლიტიკური პარტიები, მათ შორის მმართველ კოალიციაში შემავალი სუბიექტების ნაწილიც. მივმართავ მმართველ კოალიციას, თავი შეიკავოს არადიპლომატიური გამონათქვამებისგან და სიტუაციის შეფასებისას ნუ შემოიფარგლება მხოლოდ ფორმალური განცხადებით. მოვუწოდებ მმართველ კოალიციას, ნუ ჩაიკეტება საკუთარ თავში და გაითავისოს პოლიტიკური პროცესის მნიშვნელობა. გადადგას ქმედითი ნაბიჯები ქვეყნის დემოკრატიული იმიჯის დასაცავად; აწარმოოს დიალოგი საზოგადოებასთან და დიპლომატიურ კორპუსთან, რომელიც ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულობის, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის აქტიური მხარდამჭერია”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამაზ ურთმელიძის გადაწყვეტილებით, „რუსთავი 2“ -ის გენერალურ დირექტორ ნიკა გვარამიას უფლებამოსილება შეუჩერდა. ტელეკომპანიის დროებით მმართველებათ კი რევაზ საყევარიშვილი და დავით დვალი დაინიშნენ. მოსამართლის ეს განჩინება საჯარო რეესტრს ქიბარ ხალვაშის ადვოკატებმა წარუდგინეს და მისი დაჩქარებული წესით რეგისტრაცია მოითხოვეს. ამავე განჩინების მეთორმეტე პუნქტის მიხედვით, ურთმელიძის ზემოთ ნახსენები განჩინება დაუყოვნებლივ უნდა აღსრულდეს.