ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმი, ზურაბ გურული სოციალურ ქსელში კორონავირუსთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს.
აღნიშნულ პოსტს “მეტრონომი” უცვლელად გთავაზობთ.
“კოვიდის საწყის ეტაპზე საქართველოში განხორციელებული მკაცრი ეპიდემიოლოგიური ღონისძიებები იყო მართებული. ინფორმაციის სიმწირისა და ჯანდაცვის ძალიან სუსტი სისტემის პირობებში ამ მიდგომას ალტერნატივა არ ჰქონდა. პასიური ლოდინის ტაქტიკას ძალიან ფრთხილი მართვა სჭირდება, რათა ფსიქოლოგიურად არ დაღალო მოსახლეობა, რაც საბოლოოდ სიფრთხილის მოდუნებასა და მკაცრი რეგულაციების მიმართ ლოგიკურ აგრესიაში გადავა აუცილებლად. ამისათვის საჭიროა მაქსიმალური გამჭვირვალობის პოლიტიკის წარმოება, რაც განმტკიცებული უნდა იყოს ციფრებით. ციფრები იქმნება სტატისტიკური მონაცემების ანალიზით; ანუ უნდა ჩატარდეს გონივრულად დაგეგმილი ტესტირება; ზუსტად აღირიცხოს მსუბუქი, საშუალო სიმძიმის და მძიმე პაციენტების რაოდენობა. არავითარ შემთხვევაში არ უნდა შეიქმნას ვირუსთან წარმატებით ბრძოლის ყალბი ეიფორია; განსაკუთრებით კლინიკურ ფრონტზე. ეპიდემიოლოგია მეტნაკლებად იტევს პოლიტიკურ კეკლუცობას, მაგრამ კლინიცისტის კეკლუცობა დამღუპველია. სხვა ქვეყნების გამოცდილების ანალიზი და გაზიარება სტრატეგიულად აუცილებელია, რადგან როდესაც თავად პროგრესული მსოფლიოსგან პასიურად ელოდები დახმარებას, მათი შეცდომების გათვალისწინება ამ დახმარების ერთერთი სახეა.
კლინიკურ და ეპიდემიოლოგიურ პროტოკოლებს სჭირდება მუდმივი განახლება. სწორედ ამ პროცესს ეწოდება „მართვა“. ამასთან, აუცილებელია კლინიკური პერსონალის გაწვრთვნა ისე, რომ ბრმად არ მისდიონ პროტოკოლებს, რადგან ვერცერთი „გაიდლაინი“ ვერ დაიტევს ყველა მნიშვნელოვან წვრილმანს. კლინიკური აზროვნება წახალისებული უნდა იქნას ინდივიდუალურ დონეზე.
ხაზგასმული უნდა იქნას, რომ არ არსებობს წამალი-პანაცეა ვირუსის სამკურნალოდ და რომ მარსელის თუ ტრამპის პროტოკოლი სხვა არაფერია თუ არა ექსპერიმენტული მეთოდები, რომლებიც ხან ამართლებენ, ხან არა.
არავითარ შემთხვევაში, არანაირი მიზეზის გამო არ უნდა იქნას დარღვეული სამედიცინო ეთიკის ბაზისური პრინციპები; არ უნდა უმკურნალო იმას, ვისაც მკურნალობა არ სჭირდება; უნდა აცნობო პაციენტს რითი მკურნალობ და რატომ; როდის რთავ მათ კლინიკური ექსპერიმენტში და როდის არა. წარუმატებლობის შემთხვევებში დაუშვებელია აპელაცია პაციენტთა ასაკზე, თანამდევ დაავადებებზე და სხვა სოციალურ ასპექტებზე, რადგან ეს იწვევს არაეთიკური სტიგმების შექმნას საზოგადოებაში. ეს ადამიანთა უფლებების დარღვევაა.
დიახ, მსოფლიოს წამყვანმა ქვეყნებმა, მათ შორის ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, არაერთი მიუტევებელი შეცდომა დაუშვა პანდემიის მართვისას და ეს ძალიან ნეგატიურად აისახა და ისახება ამ ქვეყნების პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ მდგომარეობაზე. საქართველოს გონივრული მოქმედების შემთხვევაში ჰქონდა და აქვს იმის პოტენცია, რომ ბევრი შეცდომა თავიდან აეცილებინა და აიცილოს მომავალში. ამისათვის ე.წ. პროაქტიური მოქმედება იყო და არის საჭირო, ანუ წინასწარი აქტივობა. სიტუაციის წინასწარი განჭვრეტაა მნიშვნელოვანი, თორემ პოსტ-ფაქტუმ ნებისმიერი ახალბედა, თუნდაც დილეტანტი გაანალიზებს დაშვებულ შეცდომებს.
P.S. ამ ეტაპზე სასურველი იქნებოდა კოვიდ-კლინიკებიდან რეზიდენტების, სტუდენტებისა და გაუწვრთვნელი პერსონალის მაქსიმალური ჩამოშორება, რათა ისინი არ იქცნენ გავრცელების წყაროებად”, – წერს გურული.