ახალი ამბები მთავარი სამართალი

“1937-38 წლის დედანი რუკები ნატალია ილიჩოვამ გადმომცა”- დაკავებული კარტოგრაფის შემცვლელის ჩვენება გასაჯაროვდა

დავით გარეჯის საქმეზე დაკავებული კომისიის წევრის, ნატალია ილიჩოვას შემცვლელი ირმა გაბუნია გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში ამბობს, რომ მას 1937-38 წლის რუკები პირადად მისმა წინამორბედმა გადასცა. აღნიშნული ჩვენება “ფორმულამ” გაავრცელა.

ჩვენებაში გაბუნია ჰყვება, რომ გადმოცემული რუკები მის ოთახში რკინის სეიფში შეინახა, რომელსაც თავად და ნატალია ილიჩოვა იყენებდნენ. ხოლო, რუკების გადაცემა 2019 წელს მოხდა.

“კითხვა: თქვენი სამუშაო ოთახიდან ამოღებულ 1:200 000 მასშტაბის რუკებს:

  • ნომენკლატურით K.38.XXVIII – 1 ცალი, 1937 წლის გამოცემა, დედანი; 
  • ნომენკლატურით K.38.XXIX – 1 ცალი 1938 წლის გამოცემა, დედანი;
  • ნომენკლატურით K.38.XXII – 1 ცალი 1937 წლის გამოცემა, დედანი;
  • ნომენკლატურით K.38.XXIII – 1 ცალი, 1937 წლის გამოცემა, ასლი. 

გთხოვთ უპასუხოთ, სად და ვინ გადმოგცათ აღნიშნული რუკები, ასლის სახით წარმოდგენილ რუკას ხომ არ აქვს დედანი და დადებითი პასუხის შემთხვევაში ვისთან შეიძლება მოძიება? 

პასუხი: “დასმულ კითხვაზე გიპასუხებთ, რომ აღნიშნული დედანი რუკები 2019 წლის მაისის შემდეგ, ზუსტ თარიღს ვერ ვიხსენებ, გადმომცა ნატალია ილიჩოვამ სამსახურში, ჩვენს სამუშაო ოთახში, ხოლო რაც შეეხება 1937 წლის გამოცემა რუკის ასლს, არ ვიცი ნატალია ილიჩოვამ გადმომცა თუ მე მივიღე ურთიერთგაცვლისას, როგორც კომისიის წევრმა სხვა კომისიის წევრისგან. არ ვიცი, აქვს თუ არა დედანი და არც ის ვიცი, თუ ვინ შეიძლება იცოდეს აღნიშნულის შესახებ”,- წერს გაბუნია ჩვენებაში.

ცნობისთვის, 7 ოქტომბერს პროკურატურამ დავით გარეჯის საქმეზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში  საქართველო-აზერბაიჯანის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ყოფილი თავმჯდომარე ივერი მელაშვილი და კომისიის წევრი ნატალია ილიჩოვა დააკავა. ხოლო,  8 ოქტომბერს ბრალდებულებს 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

პროკურატურის განცხადებით, ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემული რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, რაც არსებითად ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს, მათ შორის დავით გარეჯთან მიმართებაში.

იტვირთბა....